
„ოცნების“ გადაგდებული კოორდინატორები აქციებით იმუქრებიან
12:09:37     26-01-2013
პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ზუგდიდის შტაბის კოორდინატორები აუმხედრდნენ.
ისინი აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე გაწეული საქმიანობისთვის ანაზღაურება, დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე არ მიუღიათ.
„ოცნების" კოორდინატორები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს თანხების დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
კოორდინატორების თქმით, მათთვის კუთვნილი თანხის გაცემაზე პასუხისმგებლობა არჩევნებამდე ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მერაბ ქვარაიამ აიღო, თუმცა დღეს ქვარაია კოორდინატორებს ემალება. ამასთან, ‘’ოცნების’’ კოორდინატორებს საეჭვოდ მიჩნიათ ერთი თვის წინ, ზუგდიდის ოფისიდან 3.800.000 ლარის უკვალოდ გაქრობის ფაქტი.
მათი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბს 1300 ადამიანზე სამი თვის სახელფასო დავალიანება გაუცემელი დარჩა. თითოს ანაზღაურების სახით 300 ლარი უნდა აეღო.
„ეს თანხა როგორც უნდათ ისე მოიძიონ. ჩვენ ბიძინასი გვჯერა, ვიცით, რომ არ გაგვწირავს, უბრალოდ ეჭვებს აჩენს ის გარემოება, თუ რატომ ვერ ხერხდება ჩვენთვის კუთვნილი თანხის მიღება. თანხა, რომელიც ჩვენთვის იყო განკუთვნილი ზუგდიდის ცენტრალური ოფისიდან გაქრა. ნუთუ კოალიციის ლიდერებს არ აინტერესებს ვინ მიითვისა ეს თანხა?“,– აცხადებენ ზუგდიდელი კოორდინატორები.
კოორდინატების ბრალდებებს კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ‘’პრესა.ჯი’’-ზე ინფორმაციის გასვლიდან რამოდენიმე საათში გამოეხმაურა.
ქვარაია ზუგდიდის ოფისიდან 3.800.000 ლარის უკვალოდ გაქრობის ფაქტს სისულელეს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა შეგნებული პროვოკაცია იყოს.
მისი თქმით, ზუგდიდის შტაბი 3 თვის წინ დაიხურა.
რაც შეეხება კოორდინატორების მიმართ არსებულ დავალიანებას. მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ აღნიშნული თანხების გაცემასთან მას და ადგილობრივ ოფისს არანაირი შეხება არ აქვს. მისი ინფორმაციით, არსებული დავალიანება კოალიციის ცენტრალურმა ოფისმა კორდინატორთა ნაწილს უკვე აუნაზღაურა.
მერაბ ქვარაია: მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნოდ ყოფილი ხელისუფლება „ქართული ოცნების“ ანგარიშების დაყადაღებას აქტიურად ეწეოდა. ამიტომ კოორდინატორებისთვის კუთვნილი თანხის გაცემის პროცესი გაჭიანურდა. მე ამ თანხების გაცემასთან კავშირი არასდროს მქონია. ხელფასს ეს ადამიანები ცენტრალური ოფისიდან, საბანკო ანგარიშების მეშვეობით იღებდნენ. ჩემი ინფორმაციით, არსებული დავალიანების ნაწილი უკვე გასტუმრებულია, დარჩენილი ნაწილი კი უახლოეს პერიოდში დაიფარება.
ამასთან „ ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, რომ მას დასამალი არაფერი აქვს.
„ზუგდიდში ვიმყოფები, ჩემი მოძებნა არავის გაუჭირდება, ინფორმაცია, რომელიც თქვენი გამოცემით გავრცელდა და რომლის მიხედვითაც თურმე მე ამ კოორდინატორებს ვემალები, სრული სიცრუეა“- აღნიშნა ქვარაიამ.