თავგატეხილი ბავშვი, რომელსაც მასწავლებელმა გაკვეთილზე დარჩენა აიძულა, კომაში ჩავარდა

  21:41:04     25-01-2013

9 წლის ბავშვი კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა არც ექიმი გამოიძახა და ბიჭუნა არც შინ გაუშვა. ქალაქ მურომის სკოლის მოსწავლემ თავის ქალის ტრავმა დასვენებაზე მიიღო, მაგრამ პედაგოგმა ტრავმა უმნიშვნელოდ ჩათვალა და მოსწავლეს გაკვეთილზე შესვლა აიძულა, ისე, რომ არც სკოლის ექთანი გამოიძახა.

მარკმა გაკვეთილების შემდეგ სახლამდე მისვლა მოახერხა, თუმცა ბინაში შესვლისთანავე კომაში ჩავარდა.

ექიმებმა მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმედ შეაფასეს და სასწრაფო ოპერაციაც ჩაუტარეს. ბავშვს ჰემატომა და შიდა სისხლდენა ჰქონდა დაწყებული. 3 დღის მანძილზე ვერავინ ამბობდა, გადარჩებოდა თუ არა ის.

მშობებმა კი უკვე მიმართეს პროკურატურას, დაისაჯოს პედაგოგი, რომელმაც ბავშვის მიმართ გულგრილობა გამოიჩინა.