
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი ივანიშვილის გუნდის ქმედებებს აკრიტიკებს
17:38:33     25-01-2013
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა მაიკლ ანსენის და ბორის სილევიცის მიერ საქართველოზე მომზადებული ანგარიში მოისმინა, სადაც დეტალურადაა განხილული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა და შემდგომი პერიოდები.
მომხსენებლები დადებითად აფასებენ მთავრობის გადაბარების პროცესს, თუმცა აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტსა და ახალ მთავრობას შორის კოჰაბიტაციის პროცესი რთულად მიმდინარეობს.
„არჩევნების შემდეგ ოპოზიციური ლიდერების დიდი ნაწილი და სამინისტროების მაღალჩინოსნები დააკავეს. მათი თანამდებობებზე ყოფნისას კანონის დარღვევის ბრალდებით. ‘’ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ’’ შეაფასა ეს დაკავებები როგორც პოლიტიკური დევნა და რევანშისტული სამართალი. თავის მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში ადგილი არ ექნება შერჩევით ან პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალს, ეს ადამიანები კი ბრალდებული არიან სერიოზულ კანონდარღვევებში, რომლის მტკიცებულებებიც გამოძიებას აქვს.
დასკვნის ავტორების შეფასებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებებები და ეს არა მხოლოდ სასარგებლო არ არის ქვეყნისთვის, არამედ, ხელს უშლის მმართველი უმრავლესობისა და ოპოზიციის პრაგმატულ ურთიერთობას.
„ეს დაკავებები და დევნა იწვევს სერიოზულ შეშფოთებას, ისინი იძლევიან მიზეზს გაჩნდეს ბრალდებები შერჩევით და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალთან დაკავშირებით და გაიზარდოს დაძაბულობა ისედაც დაძაბული კლიმატის ფონზე. ეს არ არის სასარგებლო ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის და აფერხებს პრაგმატულ ურთიერთობას მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის’’ - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის ავტორები ამნისტიის შესახებ მიღებულ კანონსაც ეხებიან. მათი შეფასებით, სადაოა არა მხოლოდ თავად სია, არამედ მასზე მუშაობის პროცესიც.
ანგარიშში საუბარია იმ კითხვის ნიშნებზე, რომელსაც ამნისტიის დოკუმენტი იწვევს.
„ზოგიერთი საქმე სრულიად ახალია და არ არსებობს გამამართლებელი ინფორმაცია, თუ რატომ მოხვდა ესა თუ ის პირი ამნისტირებულთა სიაში“,- აღნიშნულია დასკვნაში.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია, რომ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია კომისიიდან გავიდა, რადგან სიაში შესატანი საქმეების შეფასების საშუალება არ მიეცათ. "ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ოფიციალური სტატუსის მინიჭებამდე რეზოლუციაში ნახსენებ ყველა საქმეს იურიდიულად სათანადოდ გადახედოს,” – ნათქვამია დასკვნაში.
დოკუმენტის ავტორები პოლიტიკურად სადაოდ მიიჩნევენ ამნისტიის შესახებ კანონში იმ დამატებითი სიის შეტანასაც, სადაც სხვადასხვა საფუძვლით გასამართლებული პირები არიან შესული. ამის გამო მონიტორინგის კომისია კონსულტაციების გამართვას ვენეციის კომისიასთან აპირებს.
დასკვნის ავტორები ხელისუფლებას სასამართლო რეფორმირებისას მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.
დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ სიფრთხილეა საჭირო, რომ ამ რეფორმების განხორციელების ჩქარი ტემპიდან გამომდინარე, სასამართლო სისტემაში ახალი დეფიციტი არ შეიქმნას. მომხსენებლები მოუწოდებენ მთავრობას ევროსაბჭოსთან კონსულტაციებისა და ასევე იმ რეფორმების შენარჩუნებისკენ, რომლის დახმარებითაც წინა მთავრობამ პოლიციაში კორუფცია აღმოფხვრა.
იმის ხაზგასმით, რომ ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, განსაკუთრებით თუ ის კავშირშია ყოფილი ან აჟამინდელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დარწმუნდნენ, რომ გამოძიება და სასჯელი ხორციელდება მიუკერძოებლად, სრული გამჭვირვალობით და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის პატივისცემით“,- აღნიშნულია ანგარიშში.