
ვანო მერაბიშვილი: ეს არის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება
14:20:34     25-01-2013
„გუშინ ციხიდან მალულად გაათავისუფლეს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო“,- ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ვაჰაგნ ჩახალიანის გათავისუფლების ფაქტს.
აღნიშნული საკითხი მერაბიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში სპეციალური ბრიფინგით შეაფასა.
ვანო მერაბიშვილი: ჩახალიანი არის ბოლო წლების ჯავახურის სეპარატიზმის სულისჩამდგმელი. იგი იყო ლიდერი 2003-2008 წლებში იმ მოძრაობისა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს გაძლიერებისა და ასევე საქართველოდან რუსული ძალების გაყვანის წინააღმდეგ. ის ჯავახეთში სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა. არის ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი. რუსეთის სამხედრო დაზვერვის დაუფარავი და მთავარი ემისარი საქართველოში.
მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირადად არის ინფორმირებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიერ თუ ვინ არის ჩახალიანი, რა ზიანი მოუტანა და შეუძლია მოუტანოს მან ქვეყანას, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული. ჩემი აზრით ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა მათ შორის, რაც ახალმა ხელისუფლებამ მიიღო. ყველა სხვა საკითხს – ეკონომიკურს, პოლიტიკურს თუ საკადროს ეშველება, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლის გადადგმას გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ.
ყოფილი პრემიერი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, ცეზარ ჩოხელის დაპატიმრებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ჩოხელი საქართველოს ერთ-ერთი დიდი პატრიოტია.
„იგი ეხმარებოდა კონფლიქტის ზონაში დაჭრილი თუ დაღუპული პოლიციელების ოჯახებს. ის იყო რეალური პატრონი და დამხმარე ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების. ძალიან სიმბოლურია, რომ ჩახალიანი გამოუშვეს და ცეზარ ჩოხელი სასაცილო, თითიდან გამოწოვილი, კალათბურთის მოედნის შესყიდვისთვის დააკავეს“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, ვაჰაგნ ჩახალიანი გუშინ გათავიუსფლდა. გუშინვე დააკავეს მცხეთა თბილისის ყოფილი გუბერნატორი. გამოძიება ცეზარ ჩოხელს სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.