
შალვა ნათელაშვილი: პრემიერი აღარ ენდობა თავის მილიონად ნაყიდ ხალხს
13:55:48     25-01-2013
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა მორატორიუმი დაარღვია. შალვა ნათელაშვილმა დღეს 100 დღიანი დუმილის შემდეგ „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მიმოიხილა.
პირველი ლეიბორისტის განცხადებით, 1-ელ ოქტომბერს სცენაზე მხოლოდ დეკორაციების შეცვლა მოხდა.
შალვა ნათელაშვილი: მე ისევ თქვენთან ვარ, ბრძოლა გრძელდება. 1-ელ ოქტომბერს სცენაზე მხოლოდ დეკორაციების შეცვლა მოხდა. დღიდან ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენ მოვიცილოთ მჩაგვრელები და მძარცველები.
ნათელაშვილმა ახლადარჩეული მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა.
„100 დღე მსოფლიო პოლიტიკაში მიჩნეულია რეალური შედეგების პერიოდად, საქართველოში ხალხი კვლავ „გადაგდებული“ დარჩა“,- დასძინა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე ჩინოვნიკები და მათ შორის პრემიერი ივანიშვილი პირად კეთილდღეობაზე ზრუნავდა.
შალვა ნათელაშვილი: დიდი განსხვავება მგელსა და ტურას შორის არ არის. აგერ ფინანსთა მინისტრმა 3 მილიონის პრემია გასცა. 20 მილიონი, ავტომანქანების შეძენაზე დაიხარჯა. სააკაშვილს თვითმფრინავი ჩამოართვეს და ბიძინამ უფრო ძვირადღირებული შეუკვეთა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი არჩევნებიდან სამი თვის თავზე "პოლიტიკური ბანდის გამოხშირვის" აუცილებლობაზეც საუბრობს.
ნათელაშვილის ინიციატივით, არჩევნები მინიმუმ 2 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს.
"არაფერი შეიცვლება ახალი მთავრობის ხელში, ამიტომ ჩვენ გადაგვარჩენს იტალიური საარჩევნო მოდელი. ორ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რათა მოხდეს ამ ბანდის გამოხშირვა, რომელიც პოლიტიკაში შეგვეპარა“,- აღნიშნა პარტიის ლიდერმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა კოალიციას დაშლა უწინასწარმეტყველა. ამის მიზეზად შალვა ნათელაშვილი იმ უნდობლობას ასახელებს, რომელიც ივანიშვილს მისი გუნდის მიმართ გაუჩნდა.
"კოალიციის დაშლა მოსალოდნელია, რადგანაც ახალგამოჩეკილი პრემიერი აღარ ენდობა თავის მილიონად ნაყიდ ხალხს. ამიტომაც ის ეხლა აფუძნებს თავის პარტიას და ეს ყოფილი პარტნიორები იქნებიან მასთან ორგანიზაციულ რეჟიმში. კოალიციაში ბზარები უკვე ჩანს, ალასანიას უფლება ჰქონდა საპრეზიდენტო ამბიცია ჰქონოდა, ამის გამო მისი "დაჭმა" ნიშნავს იმას, რომ ერთი დიქტატორის მაგივრად ჩვენ მივიღეთ მეორე დიქტატორი. ივანიშვილი ოცნებასაც კი არ პატიობს თავის თანაგუნდელებს“,- აღნიშნა ნათელაშვილმა.
ჟურნალისტებმა „ლეიბორისტების“ ლიდერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებულ კოჰაბიტაციაზეც ჰკითხეს.
შალვა ნათელაშვილმა ძველ და ახალ მთავრობას შორის კოჰაბიტაცია კატეგორიულად გამორიცხა და აღნიშნა, რომ „ესენი ერთი ბუდის ნაყარი ხალხი არიან“.
რაც შეეხება ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტებს, ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ მაღალჩინოსანთა დაჭერით ივანიშვილის ხელისუფლება ჩადენილი მძიმე დანაშაულების დაფარვას ცდილობს.
"როდესაც ვანო მერაბიშვილს ორი პასპორტის ქონის გამო იბარებენ დაკითხვაზე, ახალაიას თავში "ჩაკაკუნებისთვის" სვამენ ციხეში, ეს სხვა არაფერია თუ არა დანაშაულის დაფარვა.
აქ გარიგებასთან გვაქვს საქმე, ეს არის უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, რადგან სააკაშვილი და ივანიშვილი სირჩას ვერ წევენ ერთმანეთის გარეშე“,- განმარტა შალვა ნათელაშვილმა.