![გარდაცვლილის ოჯახი ექთანს პაციენტის სიკვდილამდე მიყვანასა და კორუფციაში ადანაშაულებს გარდაცვლილის ოჯახი ექთანს პაციენტის სიკვდილამდე მიყვანასა და კორუფციაში ადანაშაულებს](http://presa.ge/img/multimedia/a23197.jpg)
გარდაცვლილის ოჯახი ექთანს პაციენტის სიკვდილამდე მიყვანასა და კორუფციაში ადანაშაულებს
17:57:09     24-01-2013
ხმაური იყო დღეს ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფოში. გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები შუახნის მამაკაცის - გუბაზ შანავას გარდაცვალებამდე მიყვანაში მედპერსონალს ადანაშაულებენ.
გარდაცვლილი პაციენტის ძმა თენგიზ შანავა აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 7 იანვარს მისი ძმა მუცლის ღრუს ძლიერი ტკივილით ზუგდიდის საავადმყოფო „რესპუბლიკაში“ მიიყვანა. სადაც ექთანმა, ირმა გვარამიამ გასინჯა და უთხრა, რომ ღვიძლი ქონდა გადიდებული, მკურნალობა თვითნებურად, ექიმის გარეშე დაუნიშნა და მომსახურებისთვის ხელზე 70 ლარიც აიღო.
თენგიზ შანავა: მას შემდეგ, რაც სახლში გაგვწერეს, ჩემ ძმას მუცელი კიდევ უფრო ასტკივდა და მეორე დილით ისევ საავადმყოფოში მოვბრუნდით. აღმოჩნდა, რომ მას კუჭქვეშა ჯირკვალი ქონდა გახეთქილი და სითხე მთელს მუცლის ღრუში იღვრებოდა, რის შედეგადაც ჩემ ძმას ნაწლავების გარდა თითქმის ყველა ორგანო დამწვარი ქონდა.
როგორც შანავა ყვება, 7 იანვარს, პაციენტის საავადმყოფოში შეყვანისას, მომხდარი ფაქტის შესახებ საავადმყოფოს ადმინისტრაცია საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა ადმინისტრაციის წარმომადგენლები მხოლოდ ექთნის დაკითხვით შემოიფარგლნენ.
როგორც ‘’პრესა.ჯი’’-ს გარადაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე საათის წინ აცნობეს, 13 დღიანი მკურნალობის შემდეგ გუბაზ შანავა გარდაიცვალა.
თენგიზ შანავამ მომხდარის შესახებ პოლიციაც ჩააყენა საქმის კურსში, მისი თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
„აუცილებლად უნდა დაინიშნოს ექსპერტიზა, ველოდები, სამართალდამცავების ნაბიჯს. დამნაშავე სისხლის სამართლით გათვალისწინებული სასჯელით უნდა დაისაჯოს“,- განუცხადა „პრესა.ჯი“-ს გარდაცვლილის ძმამ.
მისივე თქმით, გამომძიებელმა უთხრა, რომ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
„პრესა.ჯი“-შეეცადა გაერკვია, რა ეტაპზე გამოძიება და ზუგდიდის პროკურატურის წარმომადგენელს ესაუბრა, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიების დასრულებამდე მედიისთვის კომენტარის გაკეთება ეკრძალებათ.
ჩვენ ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფოს სამედიცინო ხარისხის მენეჯერ პაატა ადამიას დაუკავშირდით.
როგორც ექიმი აცხადებს ადმინისტრაციამ ექთანი ირმა გვარამია, სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების და ფინანსური დარღვევისთვის სამსახურიდან დაითხოვა. ხოლო საქმის მასალები სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა.
რაც შეეხება პაციენტის გარდაცვალების მიზეზს, ექიმი აცხადებს, რომ შანავა 22 იანვარს 17:05 საათზე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კი სასუნთქი გზების მწვავე უკმარისობა და პანკრეასის გართულებული ფორმა გახდა.