
გურამ ოდიშარიას წამოცდენა, რომ საკადრო ცვლილებები ‘’მეგობრული’’ ნიშნით ხორციელდება
12:44:27     24-01-2013
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეცვლილი პოლიტიკური სიტუაცია კულტურის სფეროზეც აისახა. დღეს დილიდან ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს.
„პრესა.ჯი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ დაადასტურა.
როგორც გურამ ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბარში დავით საყვარელიძის გათავისუფლების კომენტირებისას აღნიშნა, თეატრის ყოფილმა მმართველმა ნაყოფიერი წლები გაატარა თეატრში, თუმცა ყველაფერი მოითხოვს განახლებას და დღის წესრიგში დადგა თეატრის დირექტორის შეცვლის საკითხიც.
მინისტრის თქმით, ის და დავით საყვარელიძე მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს უკანასკნელი დატოვებდა დირექტორის თანამდებობას.
გურამ ოდიშარია: ჩვენ შევთავაზეთ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა, თუმცა, მან უარი განაცხადა. მას აქვს არაერთი პროექტი განსახორციელებელი როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში და კულტურის სამინისტრო ყველანაირად დაუდგება გვერდით დავით საყვარელიძეს.
დავით საყვარელიძეს სავარაუდოდ დირიჟორი გიორგი ჟორდანია ჩაანაცვლებს.
რაც შეეხება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ყოფილ მმართველს, ზაალ ჩიქობავა თანამდებობიდან წასვლას სამხატვრო ხელმძღვანელ რობერტ სტურუასთან არსებულ უთანხმოებას უკავშირებს.
ზაალ ჩიქობავა: არაერთი მცდელობის მიუხედავად, კანონიერებისა და ადამიანობის ნორმების გათვალისწინებით, მოგვარებულიყო პრობლემა სამხატვრო ხელმძღვანელთან, ვერ მოხერხდა.
ჩემი გადაწყვეტილება რობერტ სტურუას მიერ გამოგზავნილ სიას უკავშირდება, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელი სამი თვით უხანგრძლივებს კონტრაქტს მთელ დასს. როდესაც ვიცი, რომ ამ სიაში არიან გვარები როგორიცაა კახი კავსაძე, ჟანრი ლოლაშვილი, მურმან ჯინორია, მარინა კახიანი, ნანა ფაჩუაშვილი და მათთან ერთად გაუგრძელო ხელშეკრულება თეატრში გუშინ მოსულ მსახიობებს და ერთ კატეგორიაში აიყვანო ეს ყველაფერი, მიუღებელია.
გურამ ოდიშარიას ინფორმაციით, თეატრის მმართველის თანამდებობასაც რობერტ სტურუა დაიკავებს, რომელიც დასის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.
დღესვე ოდიშარიას იმ ინფორმაციაზე მოუწია პასუხის გაცემა, რომლის მიხედვითაც კულტურის სამინისტრო ეროვნულ მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელ ნიკოლოზ რაჭველისა და ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელ ნინო ანანიაშვილის გათავისუფლებას აპირებს.
როგორც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში მისულმა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, ნიკა რაჭველისა და ნინო ანანიაშვილის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
გურამ ოდიშარია: ნიკა რაჭველი ჩვენი მეგობარიცაა და თქვენიც. ის ყოველდღიურად დადის სამინისტროში და კონსტრუქციულ საუბრებს ვმართავთ. დღის წესრიგში არ დგას ნიკამ დატოვოს თანამდებობა, თუმცა, მუსიკალურ ცენტრში არსებობს პრობლემები, კერძოდ მან ერთი ბრძანებით 33 მუსიკოსი გაათავისუფლა. ეს მუსიკოსები ჩვენთან ყოველდღიურად დადიან და ვცდილობთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას. დღის წესრიგში ასევე არ დგას, რომ თანამდებობა დატოვოს ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა.