
თანაკურსელის მიტანილი ამბავი და პრემიერის მრისხანება შუშის სასახლეში
11:50:58     24-01-2013
გუშინ, ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ, მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით, რომ ეს ალასანიას შრომის შესამსუბუქებლად და მთელი ძალისხმევის თავდაცვის სამინისტროსთვის მოსახმარებლად გაკეთდა. ივანიშვილს მოწმედ დაუდგნენ წულუკიანი და ხადურიც, თუმცა დღის ბოლოს პრემიერმა თავად აღიარა, რომ ისევე, როგორც ალასანია, მისი სხვა მინისტრებიც ცრუობდნენ და ალასანია ვიცე-პრემიერობიდან, იმის გამო გაათავისუფლა, რომ ხალხს ის მომავალი პრეზიდენტი ჰგონია.
ივანიშვილმა, რომელსაც თურმე თანაკურსელმა ამბავი მიუტანა, პოლიციის უფროსმა მითხრა რაღა გინდა ‘’ოცნებაში’’, როცა პრეზიდენტი ალასანია ხდება, ჯობია დემოკრატებში გაწევრიანდეო, აწ უკვე ყოფილ ვიცე-პრემიერს საპრეზიდენტო კანდიდატურაზე „ოცნება“ ამ თემის განხილვისთანავე ჩაუკლა და დაკავებული თანამდებობა დაატოვებინა.
"ოზურგეთის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ახალი პარტია მაქვს მხედველობაში, ჩემი სტუდენტობის მეგობარი დავით დარჩია აურჩევიათ. ის ჩამოვიდა სამი დღის წინ თბილისში და მომიყვა, რომ პოლიციის უფროსმა უთხრა, პარტიაში ყველაფერი გადაწყვეტილია, ირაკლი ალასანია უნდა იყოს პრეზიდენტი და რაღა გინდა მაგ პარტიაში, გადმოდი ჩვენ გუნდში" - ეს ამბავი პრემიერმა დავოსში ვიზიტისას მოყვა და განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო.
"მან მოახერხა და მის გუნდში დაიწყო განხილვა, შეიძლებოდა თუ არა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა პრეზიდენტად. მერე მოხდა ისე, როგორც საქართველოში ხდება. ვიწრო წრეში ნათქვამი გავიდა, გავიდა და იმით დასრულდა, რომ ამაზე ერევანში მეკითხებოდნენ უკვე ჟურნალისტები", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერი ირწმუნება, რომ თავდაცვის მინისტრისთვის კარგი იქნება, თუ ეს ხმაური ჩამთავრდება და „ირაკლისთვის არ იქნება ცუდი, თუ უფრო მეტ ყურადღებას გადაიტანს თავდაცვის სამინისტროზე".
რატომ გახდა იძულებული ალასანია გადაცემა „აქცენტებში“ გაეხმაურებია მძიმე საუბარი პრემიერთან პრეზიდენტობის კანდიდატთა თემაზე და რატომ დაადასტურა იგივე ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც მთელი მთავრობა საპირისპიროს ამტკიცებდა, ამის ახსნა იმითაც შეიძლება, რომ ალასანიას ‘’ამოჩემება’’ რიგ წრეებში პროდასავლური კურსით ახსნეს.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე მათ შორის არსებულ განხეთქილებას კატეგორიულად უარყოფს, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კოლიციაში არსებულ სხვა სურათს ხატავს.
პრემიერს, რომელსაც მუდმივად შეთქმულებები ელანდება, სურს აკონტროლებდეს გუნდს, ამიტომაც პროდასავლურობით გამორჩეულ ალასანიას, საკუთარ პარტიასთან კონსულტაცია ვერ აპატია. კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ალასანია, თუკი მას კოალიციაში დარჩენა სურს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, რადგან ივანიშვილს მასზე ავტორიტეტული ფიგურა ქვეყნის სათავეში არ სჭირდება, სწორედ ამიტომ ივანიშვილს ვიცე-პრემიერის პოსტზე ვახტანგ ხმალაძე ყავს შერჩეული, რომელიც ალბათ საჭირო დროს საპრეზიდენტო კანდიდატადაც დასახელდება.