რატომ აღარ გვჭირდება ჯარი?!
15:23:10     05-01-2011
უკანასკნელმა მოვლენებმა მწვავედ შეგვახსენა ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი: ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები ისე მიაბარეს მიწას, რომ ჩვენებურ ტელევიზიებს დიდად თავი არ გამოუდვიათ მომხდარი ტრაგედიის სათანადოდ გასაშუქებლად. სამშობლოს წარგზავნილი, შორეულ, უცხო მიწაზე დაცემული ქართველი გმირები მედიისთვის საინტერესონი არ აღმოჩნდნენ.
ეს "გასაგებიცაა": ახლა საქართველო აღმშენებლობის დიად ისტორიულ მონაკვეთს გადის, ფრთხილად და ამაყად, ქვეყანას ფასადური ბრწყინვალების განუმეორებელი პერიოდი უდგას და შესაბამისად, ნეგატივი ჩვენს მზერას არ უნდა მოხვდეს, ვინძლო დისონანსი არ შემოიტანოს ბათუმის გრანდიოზული ქანდაკებების, თუ ევროპაში საუკეთესო ჭყეტელა კონცერტების ფონზე.
მატიანეს კონკრეტული დეტალები და მათგან მომდინარე მოვლენები ქმნის. ორიოდე საათმა შეიძლება მთელი ეპოქის განვითარება შეცვალოს, ისტორიის ჩარხი უკუღმა შეატრიალოს და სახელმწიფოების ბედი და მომავალი განსაზღვროს. სადაც ერთი გასროლა მსოფლიო ომებს იწვევს, პატარა ქვეყნისთვის მსგავსი მოვლენების რიცხვში ეს ფაქტი თუ გუშინწინ ვეტერანებთან დაკავშირებული „ინცინდენტიც“ თავისუფლად შეიძლება ჩაეწეროს. მსგავსი კომპონენტები მიმდინარე ეპოქის ლოგიკური ჯაჭვია, ტრაგიკული, ორმაგად მძიმე სანახავი ირეალური მოჩვენებების და ცრუ ლეგენდებისა თუ მითების ფონზე.
ღრმა ბავშვობიდან ერთი კადრი ჩამრჩა მეხსიერებაში იმ შავბნელი 90-იანებიდან, რომელიც ტელეეკრანზე ვიხილე: აფხაზეთში მეომარი ქართველი ჯარისკაცი, ავტომატგადაკიდებული, რომელიღაც ფრონტისპირა სოფელში ყვავილებს უკრეფდა პატარა ბიჭუნას, დედიკოსთვის მისართმევად.
პაცეფისტები და დილეტანტები ალბათ ფიქრობენ, რომ სამხედროებისთვის ადამიანების ხოცვა და ომი ჩვეულებრივი სამსახურია. უამრავი ფაქტორი კი მეტყველებს, რომ ყველაზე დიდი მშვიდობისმოყვარენი სწორედ ჯარისკაცები არიან - საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი პერიოდის ტრაგიკული პერსონაჟები, რომელნიც მორიგი ადამიანური უმადურობის დემონსტრირების მსხვერპლნი აგერ, სულ ახლახანსაც გახდნენ. ჩვენთვის კი, საკმარისია ავაგოთ მასშტაბური, ბრჭყვიალა მონუმენტი და საკმარისია, მოვალეობა მოხდილია და მისია შესრულებული. დისონანსის შემომტანს კი ერგება „ალიყური“ მადლიერი სამშობლოს სახელით.
ერთ-ერთ ქართულ ჟურნალში წავიკითხე, ჩემი კოლეგა წერდა: ასე ალბათ მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმები ექცევიან ჯარისკაცებსო და ჩამონათვალში ბელორუსი, კუბა და ირანი ჰყავდა მოყვანილი მაგალითად. ჩემი ნიჭიერი კოლეგა ამ შემთხვევაში მწარედ ცდება და ცალმხრივ ინფორმაციებს ეყრდნობა. ჯარისკაცს და ვეტერანს თვით ასეთი, დასავლური დემოკრატიის ნაკლებმიმდევარი რეჟიმებიც კი, გაგიკვირდებათ და გამორჩეულ პატივს მიაგებენ, იმგვარ პენსიას უნიშნავენ, როგორზე ოცნებაც კი არ შეუძლია ქართველ სამხედროს, და, ფაქტობრივად, ხელის გულზე ატარებენ, იმიტომ რომ ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელსაც სახელმწიფოოობაზე აქვს მცირეოდენი პრეტენზია, ქვეყნის დამცველი განსაკუთრებულად ღირებულია, მაგალითი და სტიმულია იმათთვის, ვინც შემდგომში უნდა დაიცვას თითოეული მოქალაქის, მათი შვილების უსაფრთხოება და, ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე.
აგვისტოს რუსულ აგრესიამდელი რომანტიული მილიტარიზმი უბრალო ფასადი და მორიგი პიარაქცია რომ აღმოჩნდა და ერთბაშად ჩამოიშალა, როცა ჯარი აღარ დაგვჭირდა, ეს ომის დასრულებისთანავე გამოჩნდა. სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გამართლება, საკუთარი ძალაუფლების და სტაბილური ფინანსური წყაროების შენარჩუნება, ვიდრე ადამიანური ღირსება და რომელიმე სოციალური ფენის, მათ შორის, სამხედროს ინტერესები, ანდაც სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის, ჯარის სახელი და ღირსება.
ქართველი მაღალჩინოსნები (ხელისუფლების თუ ოპოზიციის) კოალიციის წევრ სხვა სახელმწიფოებზე გაცილებით ნაკლები ინტენსივობით სტუმრობენ ავღანეთის და ერაყის სამხედრო ბაზებს. ეს ლოგიკურიცაა: ნაკლებად სახალისოა სადღაც "დროის მანქანის ხიდზე" გადასვლა და უდაბური უდაბნოს სახიფათო გზებზე ხეტიალი (თუნდაც კბილებამდე შეიარაღებული დაცვის თანხლებით) იმის შიშით, რომ მავანი, ჩინგიზ ხანის შემდეგ მენტალიტეტ შეუცვლელი პუშტუნის საღვთო ომის მსხვერპლი "ქაფირი" გახდე. გაცილებით მიმზიდველია საყიდლებზე წასვლა, ან ევროპის პროგრესულ, არააგრესიულ საზოგადოებასთან ურთიერთობა, სადაც არც შემთხვევით გამოსროლილი ყუმბარა გემუქრება და არც ფანატიზმით შეპყრობილი შაჰიდის რისხვა.
ქართველ პოლიტიკოსებს, ცნობილია, რომ დისკომფორტი არ უყვართ, არც ჯარი უყვართ. შვილებსაც "წესიერად" ზრდიან. ყველანი შეგნებული, თანამედროვე პაცეფისტები არიან, მილიტარიზმს არ სცნობენ. მათ ოქსფორდი და კემბრიჯი უნდა დაამთავრონ და კულტურულად იცხოვრონ. ოდესღაც ტყვიამფრქვევებით მორბენალ და ახლა მონუმენტთან ატუზულ "მასას" კი თავს არასდროს გაუყადრიან.
სამაგიეროდ, საქართველოს ერაყში ყველაზე მეტი სამხედრო ჰყავდა, არც ავღანეთში ჩამორჩება რიცხოვნობით ვინმეს. უარს ვერ ვიტყვით ქართველი ჯარისკაცების გაშვებაზე „მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად.“ მერე რა, რომ მსგავს ოპერაციებში მონაწილეობით ქართველ ჯარისკაცებს ის საბრძოლო სტრატეგია არ გამოადგებათ, რაც ავღანეთშია აპრობირებული, მერე რა რომ სხვებთან შედარებით მწირი ანაზღაურება აქვთ, მერე რა რომ უკიდურესად რთულ რეგიონში არიან განთავსებულნი, მთავარია პერსონალური ინტერესები გადარჩეს. სამხედრო საქმეში დაუწერელი კანონია: თუ ომისთვის ამზადებ ჯარს, მაშინ უნდა შეგეძლოს საომარი მოქმედების სცენარის პროგნოზირებაც. ჩვენ კი ამგვარ სცენარზე არც ვფიქრობთ და არც არასდროს გვიფიქრია.