
რატომ გააჟღერა ალასანიამ პრემიერთან უთანხმოება?
13:34:48     23-01-2013
როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი აცხადებს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასათვის ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტა გუშინდელ სატელევიზიო ეთერს არ უკავშირდება და აღნიშნული ბრძანება ორი დღით ადრე დაიწერა, ამ ინფორმაციას ივანიშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
"ბრძანება ორი დღით ადრეა ხელმოწერილი, ამიტომ, ეს გადაწყვეტილება არანაირ სატელევიზიო ეთერს არ უკავშირდება. პრემიერმა ჩათვალა, რომ ბატონ ირაკლი ალასანიას ძალიან ბევრი საქმე აქვს თავდაცვის სამინისტროში, აქვს ძალზედ დიდი პასუხისმგებლობა და ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება" - აცხადებს მანანა თოქმაჯიშვილი და დასძენს, რომ საკითხს, თუ ვინ შეასრულებს ვიცე-პრემიერის მოვალეობას პრემიერი დავოსიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვეტს.
ირაკლი ალასანიას გუშინდელი განცხადება და გულახდილი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოებაზე, მართლაც რომ საეჭვო იყო, როგორც ჩანს, ივანიშვილთან მისი საუბარი იმაზე მძიმე იყო, ვიდრე ალასანიამ იგი ‘’აქცენტებში’’ გააჟღერა და ამით ერთგვარი პრევენცია მოახდინა კოალიციიდან მისი ჩამოშორების, თუმცა რამდენად შედეგიანი გამოდგა მისი გათვლები ამას ივანიშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ შევიტყობთ.
კულუარებში კი უკვე საუბრობენ რომ პრემიერმა ალასანია შესაძლოა არათუ თანამდებობას, კოალიციასაც ჩამოაშოროს, ოღონდ მას შემდეგ, რაც პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს უყრის კენჭს, ვინაიდან ახლა ‘’ოცნებას’’ პარლამენტში ხმები სჭირდება პრემიერისა და მთავრობისთვის ადგილის შესანარჩუნებლად.