მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებას ეხმაურება

  13:05:16     23-01-2013

“თუ ვინმეს ამ უბედური შემთხვევის ყველა დეტალის გარკვევა უნდოდა, ეს მე ვიყავი”, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „პირველ რადიოსთან“ ინტერვიუში, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ხელახალი გამოძიების კომენტირებისას გააკეთა.

ქვეყნის პირველმა პირმა ახალი ხელისუფლების მხრიდან ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ხელახალი ძიების დაწყება ბნელ ოთახში შავი კატის ძიებას შეადარა.

მიხეილ სააკაშვილი: რაც უნდათ გამოიძიონ. ზურა ჟვანია იყო ჩემი ახლო მეგობარი. არ ვიცი, უფრო ახლო მეგობარი ვინ ჰყავდა ზურა ჟვანიას, ან მე თუ მყავდა უფრო ახლო მეგობარი. მისი სიკვდილი იყო ჩემთვის მძიმე დანაკარგი. თუ ვინმეს ამ უბედური შემთხვევის ყველა დეტალის გარკვევა უნდოდა, ეს მე ვიყავი. ამიტომ გავარკვიეთ კიდეც. მე ვიყავი პირადად კონტაქტში მაშინ აშშ-ის ადმინისტრაციასთან, მე ჩამოვაყვანინე FBI-ის ჯგუფი, რადგან ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი აპარატურა. ამერიკელებმა ყველაფერი გამოიძიეს და ყველაფერი დადეს. საერთოდ რაზე ლაპარაკობენ მე არ მესმის. ეს ხალხი მართლა ისეთი წარმოდგენებით მოვიდა, რომ ბნელ ოთახებში დაიწყო შავი კატის ძებნა, რომელიც იქ არ არის. ამასობაში მართლა ცუდი რაღაცეები ხდება და ბევრი რამ არის გამოსაძიებელი. ვინც არ უნდა გაეშვათ, ის გაუშვეს გარეთ. ეს არის ჩემთვის რთული და ძნელად გადასატანი, თორემ ისე, რაც უნდა ეძებონ და ჩხრიკონ.

შეგახსნებთ, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმეზე ხელახალი ძიება დაიწყო. ზურაბ  ჟვანია 2005 წელს, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

თუმცა, მისი გაზით გაგუდვის ვერსიას პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს. ეს თემა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არაერთხელ გახდა, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერაც, თუმცა რამდენიმე დღის წინ ოქრუაშვილმა ჩვენება კიდევ ერთხელ შეცვალა და განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია არ მოუკლავთ. რაც შეეხება ‘’ქართულ ოცნებას’’ ის ჯერ კიდევ ირწმუნება რომ ჟვანიას მკვლელობას ნათელს მოჰფენს.