ადვოკატი გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

  11:47:27     23-01-2013

მერაბ კიკაბიძისა და გიორგი კანდელაკის ადვოკატი პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს. გოგიტა გაბაიძის თქმით პროკურატურაში კიკაბიძეს ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ხოლო მას შემდეგ რაც შედეგს ვერ მიაღწიეს ბრალი აბსურდული მუხლით წაუყენეს.

გოგიტა გაბაიძე: პროკურატურის მხრიდან მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, არ მინდოდა ამის თქმა, მაგერამ იძულებული ვარ ამათი „კაჩავის“ შესახებ ინფორმაცია გავავრცელო. თუ კიკაბიძე ახალაიასა და კალანდაძეზე ჩვენებას არ მისცემდა, მას ბრალს წარუდგენდნენ. ვინაიდან კიკაბიძემ არ მისცა მათთვის ხელსაყრელი ჩვენება ის თავად გახდა ბრალდებული. კიკაბიძეს ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ფლორიდის შტატში დარჩა, ნაქირავებ ბინაში დარჩა და არ გააჩნია მათი საქართველოში ჩამოსაყვანი ფული.

ადვოკატის ბრალდებას პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღანელი გამოეხმაურა. მისი თქმით, კიკაბიძის წინააღმდეგ ჩვენება 19 - მა სამხედრო მოსამსახურემ მისცა.

პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ სენაკის მეორე ბრიგადის მეთაურმა  2010 წელს ეროვნული გვარდიის მოსამსახურეებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და აბანოში ხანგრძლივი დროით ჩაკეტეს.

პოლკოვნიკმა კიკაბიძემ შრომითი საქმიანობა 1998 წლიდან დაიწყო. ბოლოს ის საქართველოს შეიარაღებული ძალები გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო. მას არაერთი მედალი აქვს მიღებული მათ შორისაა მედალი „სამხედრო მამაცობისთვის“.