მიხეილ სააკაშვილი: ასე გაგრძელება არ შეიძლება (ვიდეო)

  17:26:22     22-01-2013

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტს, დინ სპილმანს შეხვდა. მათი საუბრის მთავარი თემა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები და რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შეტანილი სარჩელი იყო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ სასამართლოში შეიტანა სახელმწიფოთაშორისი საჩივარი, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

"პრაქტიკულად, ეს საქმე არის დამთავრებული. დღევანდელ შეხვედრაზე ეს არ განხილულა, რადგან ეს კონკრეტული სასამართლოს საქმეა და პროტოკოლში არ ზის მისი განხილვა სასამართლოს თავმჯდომარესთან. მაგრამ, მე კარგად ვიცნობ ამ საქმეს და კარგად ვიცი, რომ საქმე საქართველოსთვის ძალიან კარგად და სასიკეთოდ წარიმართა. უახლოეს კვირებში ამ საქმეზე საბოლოო შედეგები საჯაროდ უნდა გამოცხადდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ საქმეში ქართველი დიპლომატების წვლილსაც შეეხო, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ დიპლომატიურ საქამიანობას ჩამოაცილა.

"თინათინ ბურჯალიანი იყო ამის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ისე გაუხადეს საქმე, რომ საერთოდ დატოვება მოუხდა ამ ქვეყნის. ეს არის ძალიან ცუდი. აქაური ჩვენი ელჩი, მამუკა ჟღენტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიწვია უკან. მე ამის გამო გამოვთქვამ დიდ მწუხარებას. ეტყობა ისეთი დრო დადგა, რომ ვინც საქართველოს ინტერესებს იცავს, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან განსაკუთრებით, პირველი ისინი მოხვდნენ ამ წნეხის ქვეშ. ვფიქრობ, რომ ეს არის დროებითი მოვლენა. არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაქვს, ჩვენი ინტერესები, ჩვენი მომავალი უნდა გვქონდეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას ვინმეს კარნახით არ ვაკეთებთ, რადგან ეს სრული კატასტროფა იქნებოდა’’ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.