„ოცნება“ დაპირებას ვალის აღებით შეასრულებს, რომლის გადახდაც ისევ ხალხს მოუწევს

  15:36:33     22-01-2013

ფინანსთა მინისტრის განცხადებამ მსოფლიო ბანკისგან კრედიტის აღების თაობაზე სოციალურ ქსელებში კრიტიკა გამოიწვია.

ნოდარ ხადურის თქმით, ქართულმა მხარემ უკვე მიმართა მსოფლიო ბანკს იაფი კრედიტის გამოყოფის თხოვნით. საუბარია კოალიციის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაზე - სადრენაჟო-საირიგაციო სამუშაოების დაფინანსებაზე.

შეგახსნენებთ, ახალი მთავრობა აცხადებდა, რომ აღარ აპირებს არანაირი ვალის აღებას, რომლის გადახდაც მომავალ თაობებს მოუწევს.

სწორედ ამის გამო ხადურის განცხადებას, რომ ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო ბანკისგან ვალის აღებას და ამ ვალით თავისი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას აპირებს, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქით გამოეხმაურა:

„ვალის აღება ზოგადად არ არის კარგი. მსოფლიო ბანკისგან აღება შედარებით ნაკლებად საზიანოა, რადგან იაფი ფულია. მაგრამ ... თუ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადება მომგებიანი საქმეა, რატომ არ დებს პრემიერ მინისტრი საკუთარ ფულს და რატომ გვკიდებს ვალს ჩვენ და მომავალ თაობას? რატომ არ რისკავს საკუთარი ფულით და რატომ რისკავს ჩვენი ფულით? სად არიან დაპირებული „კერძო ინვესტორები“, რომელთაც სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი უნდა შეევსოთ 1 მილიარდი დოლარით? მსოფლიო ბანკის იმედზე იძლეოდა ამ დაპირებას ოცნება?“ - წერს ჯაფარიძე.