
ფანჯიკიძის მოადგილემ მთავრობის კურსთან შეუთავსებლობის გამო პოსტი დატოვა
13:38:17     22-01-2013
კოჰაბიტაცია საგარეო საქმეთა სამინისტროშიც მოჩვენებითი აღმოჩნდა. ცნობილი ხდება, რომ მაია ფანჯიკიძის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ თანამდებობა დატოვა.
აღნიშნული ინფორმაცია „პრესა.ჯი“-ს საგარეო უწყების პრესცენტრში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით ვაშაკიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რაც შეეხება მინისტრის პოზიციას, საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ფანჯიკიძემ გულისტკივილი გამოთქვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და ვაშაკიძეს დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობა შესთავაზა, თუმცა შეთავაზებაზე ვაშაკიძემ უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მინისტრმა ფანჯიკიძემ იმის სადემონსტრაციოდ, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლებს არ ითხოვდა, თანამდებობა ნიკოლოზ ვაშაკიძეს შეუნარჩუნა, რომელიც ამ პოსტზე გრიგოლ ვაშაძის მინისტრობის დროსაც მუშაობდა.
ნიკოლოზ ვაშაკიძემ ‘’პრესა.ჯი’’-სთან საუბარში გადაწყვეტილების ერთადერთ მიზეზად ახალი მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან შეუთავსებლობით ახსნა.
"ჩემი წამოსვლის მიზეზი შუთავსებლობაა იმ სტილთან და კურსთან, რომელიც საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაა არჩეული" - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.