პირი, რომელმაც მამა გაბრიელი დაჭრა, ყაჩაღობისა და მკვლელობისათვისაა ნასამართლევი

  12:26:23     19-01-2013

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ სამრეკლოს სერაფიმე საროველის სახელობის ტაძრის მოძღვარის, მამა გაბრიელ ბენიაიძის დაჭრაში ეჭვმიტანილის გიორგი დავითურის დაკავების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  წარსულში ყაჩაღობისა და მკვლელობისათვის ნასამართლევი, დ. განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს.

დეტექტივ-გამომძიებლის ვანო ზანდარაშვილის განცხადებით, დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედაში, სასულიერო პირ, მამა გაბრიელს და  ვასილ წ.-ს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში,  ბრალდებული, მომხდარიდან 20 წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. სამართალდამცველებმა გიორგი დ–ს პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს“,- განაცხადა დეტექტივმა.

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედაში მომხდარი ინცინდენტის შესახებ „პრესა.ჯი“ გუშინ წერდა.

ინცინდენტი  მაშინ მოხდა, როდესაც  მოძღვარი ქუჩაში მოჩხუბარი პირების გაშველებას ცდილობდა.

დაკავებულმა გაბრიელ ბენიაიძეს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა.

საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამა გაბრიელი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ დედოფლისწყაროდან თბილისში, ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

მას უკვე ჩაუტარდა რამდენიმე რთული ოპერაცია. მოძღვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მამა გაბრიელ ბენიაიძე დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომრის ყოფილი მოადგილის, ნიკო ბენიაიძის ძმაა.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით აღიძრა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.   გამოძიებას შსს-ს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს.