
მაია ფანჯიკიძე "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომაზე მისვლას არ აპირებს
12:01:53     18-01-2013
საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე თავს არიდებს. ცნობილი ხდება, რომ მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში არ მივა.
უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში 15:00 საათზე, უმცირესობის სხდომაზე ფანჯიკიძე ოფიციალური შეხვედრების გამო მისვლას ვერ ახერხებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მინისტრს ოფიციალური შეხვედრები გაცილებით ადრე ჰქონდა დაგეგმილი, ვიდრე ის საპარლამენტო უმცირესობის შეთავაზებას მიიღებდა.
„მინისტრი საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრას თავს არ არიდებს. დაგეგმილი ღინისძიების შესახებ საპარლამენტო უმცირესობა საქმის კურსში გუშინვე ჩავაყენეთ", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი ნარჩემაშვილმა.
პარლამენტში უმცირესობის სხდომა დღეს გაიმართება, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" დეტუტატების თხოვნით მაია ფანჯიკიძე უნდა დასწრებოდა და დეპუტატების კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა.
დეპუტატებს, კითხვები ქვეყნის საგარეო გეზზე აქვთ.
"უმცირესობას მუდმივად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იცოდეს, თუ საით მიდის ახალი ხელისუფლება, რატომ ხდება გაუგებრობები მეზობლებთან, რა არის კონკრეტული ტაქტიკა და მოლოდინი რუსეთთან ურთიერთობაში. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ნატო-სთან ურთიერთობის მიმართებით, რომ რიგი პრობლემები იქნას დაძლეული და ბევრი სხვა რამ. რა თქმა უნდა, კითხვები იქნება რიგ განცხადებებზე, რაც ჩვენის აზრით, კითხვების აღმძვრელია", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა.
„დღეს, 3 საათზე, უმცირესობასთან შეხვედრაზე ქ-ნი მაია ფანჯიკიძე უნდა მოვიდეს...
ისე ვღელააააავ!... :)
(მოიფიქრებს ალბათ რაიმე მიზეზს, რატომ არ მოვიდეს. კითხვა იმაშია რამდენად კრეატიულს?)“,- წერდა „ფეისბუქში“ დილიდან უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე.