
ოფიციალური მოსკოვი საქართველოში განხორციელებული ამნისტიით აღფრთოვანებულია
11:17:20     17-01-2013
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეიძლება მხოლოდ მიესალმო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაშვებული უკანონობის გამოსწორებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
მოსკოვის ეს კომპლიმენტი ამნისტიის გამოცხადებით არის განპირობებული. ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თვლიან, რომ ციხიდან საქართველოში არაკანონიერად განსჯილი რუსეთის სხვა მოქალაქეებიც გამოვლენ.
ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი კონსტანტინ დოლგოვის თქმით, შეიძლება მხოლოდ მიესალმო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაშვებული უკანონობის გამოსწორებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. მან აღნიშნა, რომ რუსეთის დანარჩენი მოქალაქეების განთავისუფლება, რომლებიც პოლიციის თავნებობის მსხვერპლი გახდნენ, არის საერთაშორისო სტრუქტურებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან თბილისის მიმართ წაყენებული მრავალრიცხოვანი მოთხოვნების პასუხი.
რუსეთი პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მიესალმა საქართველოში საპატიმროებიდან პოლიტპატიმრებად აღიარებული პირების გამოშვებას. სხვა არცერთი ქვეყნის რომელიმე ოფიციალურ უწყებას ან პოლიტიკურ პერსონას მსგავსი განცხადება რა გაუკეთებია. ექსპერტი ნიკა ჩიტიძე მიიჩნევს, რომ დასავლეთის დემოკრატიული ინსტიტუტების დუმილი პოლიტპატიმრების გამოშვებასთან დაკავშირებით ბადებს ეჭვს, რომ მათი საპატიმროებიდან გამოშვება სწორედაც რუსეთის ინტერესში შედიოდა.
,,ფაქტია რომ მხოლოდ რუსეთი მიესალმა პოლიტპატიმრების გამოშვების საკითხს. ის ადამიანები, რომლებიც რუსეთთან ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს, ალბათ გამოვლენ და იტყვიან რომ მათი დაკავება უკანონოდ მოხდა. თუმცა საზოგადოება უნდა დაფიქრდეს რატომ დუმს დასავლეთი და დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტები” - აცხადებს ჩიტიძე.