ხუხაშვილს ივანიშვილის სასარგებლოდ ბიზნესმენების დატერორებაში ადანაშაულებენ

  18:01:03     16-01-2013

ივანიშვილის კარზე რუხ კარდინალად შერაცხული გია ხუხაშვილი, ჩრდილში გადანაცვლების მიუხედავად აქტუალობას არ კარგავს. ექსპერტი ხუხაშვილი ბიზნესმენებზე ზეწოლაშია ‘’ეჭვმიტანილი’’.

ხუხაშვილი ბიზნესმენებზე ზეწოლაში პირველად ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა დაადანაშაულა და აღნიშნულის შესახებ ღია წერილით პრემიერ-მინისტრსაც ამცნო.

ირმა ინაშვილი წერდა, რომ გია ხუხაშვილი ქვეყნის არაფორმალურ ლიდერად იქცა და საკვანძო საკითხებს ის წყვეტს. გარდა იმისა, რომ ინაშვილის განცხადებით, ხუხაშვილი ინტრიგებს ხლართავს კახი კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის, თედო ჯაფარიძის, ზაზა გოგსაძის, გიორგი უძილაურის, დემურ გიორხელიძის, დავით მირცხულავას და მრავალი სხვა სახელმწიფო მოხელის, პოლიტიკოსის, ჟურნალისტის, თუ ექსპერტის წინააღმდეგ, ის თურმე მედიის ნაწილსაც აკონტროლებს და ბიზნესსაც. ინაშვილივე აღნიშნავდა, რომ ხუხაშვილი ბიზნესმენებს საკუთარი ორგანიზაციის ოფისში იბარებს, სადაც არც თუ სასიამოვნო პროცესებს აქვს ადგილი.

ამ ბრალდებების შემდეგ, ხუხაშვილ-ინაშვილის შეხვედრა შედგა და როგორც ხუხაშვილმა ‘’პრესა.ჯი’’-ს განუცხადა, ინაშვილი შეცდომაში იყო შეყვანილი და მან მოსაზრებები შეიცვალა, თუმცა, ამჯერად ხუხაშვილის მხრიდან ბიზნესმენებზე ზეწოლაზე ‘’ნაციონალური მოძრაობის" წევრები ალაპარაკდნენ.

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გია ხუხაშვილი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "პიქსელის" შენობაში ზის და ბიზნესის წარმომადგენლებს იბარებს.

ჯაფარიძემ ამის დასტურად ‘’მაკნატუნას’’ მაგალითი მოიყვანა. მისი განცხადებით, ხუხაშვილმა შპს ‘’მაკნატუნას’’ მთავრობის წილში ჩასმა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი შპს-ში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები შევიდნენ და დირექტორი და ორი დისტრიბუტორი დააკავეს.