დეპუტატის შეურაცხყოფისთვის ვერა ანთიას და რობერტ გამისონიას ჯარიმა დაეკისრათ

  17:04:21     16-01-2013

შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძის შეურაცხყოფისთვის ორი პირი დააკავეს.

დეპუტატის შეურაცხყოფისთვის დაკავებულ ვერა (ლალი) ანთიას  და რობერტ გამისონიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლის საფუძველზე, 100-100 ლარის გადახდა დააკისრა.

გუშინ ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ინციდენტი მოხდა.  კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ზუგდიდში ჩასულ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შენობის დატოვების საშუალება არ მისცეს.

შეხვედრის მონაწილე მოქალაქეები არ იშლებოდნენ და აცხადებდნენ, რომ შენობას არ დაატოვებინებდნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს.

დეპუტატი აკაკი ბობოხიძე შენობის დატოვებას საპატრულო პოლიციის დახმარებით ცდილობდა, როდესაც  მას მოქალაქეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.