მოსკოვში წარმოშობით თბილისელი კანონიერი ქურდი - "დედ ჰასანი" მოკლეს (ვიდეო)

  15:27:23     16-01-2013

რუსული მედიის ცნობით, რამდენიმე საათის წინ მოსკოვში, რესტორნიდან გამოსვლისას მოკლეს ე.წ. კანონიერი ქურდი, ასლან უსოიანი, მეტსახელად „დედ ჰასანი“. 

უსოიანი კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. ის თბილისში, 1937 წელს დაიბადა. 

კრიმინალური ავტორიტეტი დედ ჰასანი, იგივე ასლან უსოიანი სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. მიღებული ჭრილობებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უსოიანი მოსკოვში, რესტორან „ძველ ფაეტონთან“ დაჭრეს. მას თავში ესროლეს.

ცოტა ხნის წინ რუსული მედია იუწყებოდა, რომ მას შემდეგ, რაც 2010 წელს კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი, წარმოშობით თბილისელი ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან უსიოანი, მეტსახელად დედ ჰასანი სნაიპერმა დაჭრა, ის სერიოზულად დაფიქრდა, თუ ვინ ჩაუდგება მის შემდეგ სათავეში მაფიას. და თუკი მას რამე დაემართება ეს ადამიანი მისი ნათესავი, ქართველი დიმიტრი ჭანტურია იქნება, მეტსახელად მირონი. მირონი 1981 წელს საქართველოში დაიბადა და იაროსლავის მაყურებელი იყო. ის რამდენჯერმეა ნასამართლევი. 

ოპერმუშაკები ამბობენ, რომ ახლა სწორედ ჭანტურია კონტაქტობს კლანის წევრებთან, ბიზნესმენებთან, აწარმოებს მოლაპარაკებებს ე.წ. კანონიერ ქურდებთან... რადგან ესმის, რომ მოსალოდნელ განგსტერულ ომში მას სერიოზული როლი ეკისრება და ამიტომაც, ოპონენტებთან მოლაპარაკებებს უამრავი დაცვის წევრების თანხლებით ატარებს.