![ბიძამ 14 წლის დისშვილი სასიკვდილოდ დაჭრა ბიძამ 14 წლის დისშვილი სასიკვდილოდ დაჭრა](http://presa.ge/img/multimedia/a23012.jpg)
ბიძამ 14 წლის დისშვილი სასიკვდილოდ დაჭრა
11:14:22     16-01-2013
რატომ გაიმეტა 14 წლის დისშვილი ბიძიამ სასიკვდილოდ, ამის დადგენას შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია ცდილობს.
გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, 1980 წელს დაბადებული, წარსულში 3-ჯერ, ყაჩაღობისათვის, მკვლელობის მცდელობასა და ქურდობისთვის ნასამართლევი მალხაზ ხ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძველი ახალი წლის საღამოს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მალხაზ ხ-მ, სოფელ შინდისში, დის ოჯახში სტუმრობისას, იარაღით თავის არეში დაჭრა თავისი დის შვილი, 14 წლის ვილემი ს.
დაჭრილი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. მედიკოსთა თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კრიტიკულია.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) პირველი ნაწილით აღიძრა, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
‘’პრესა.ჯი’’ შეეცადა დაჭრილის ახლობლებისგან გაეგო მომხდარის შესახებ მეტი დეტალი, თუმცა დაკავებულისა და დაზარალებულთა ახლობლები ჟურნალისტებთან საუბარს გაურბიან.
კიდევ ერთი კრიმინალური ფაქტი მოხდა თბილისში მეტრო „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით, სადაც ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
ჩხუბში მონაწილეთაგან ერთი ხელის, მეორე კი ბარძაყის არეშია დაჭრილი. გუშინვე დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს.
ინცინდენტის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია სწავლობს. ჩხუბის თვითმხილველები გუშვინვე დაკითხეს.