„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი „ნაციონალურ მოძრაობაში’’ გადავიდა

  17:37:19     15-01-2013

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა პარტია დატოვა და „ნაციონალურ მოძრაობას’’ შეუერთდა.

გიორგი გოგელაშვილს დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადად შეხვდა და არჩევანის გაკეთებისთვის მადლობა გადაუხადა.

მიხეილ სააკაშვილი: ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ამას ვამბობ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის ლიდერი’’ და ქვეყნის პრეზიდენტი, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია იყოს მთავრობაც და ოპოზიციაც ძლიერი და ეფექტური.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეეხო ‘’ქართული ოცნების’’ მხრიდან თვითმმართველ ორგანოებზე „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ ზეწოლას და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა პოლიტიკური ოპონენტების დევნა.

„ის, რომ ქუთაისის საკრებულოში სამი დამატებითი ადამიანი შემოუერთდა ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ ფრაქციას, აჩვენებს იმას, რომ ქუთაისელები მაგარი ხალხია. სწორედ ამ ქალაქში უნდა დაიწყოს ამ ორგანიზაციის გაძლიერება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

თავის მხრივ გოგელაშვილმა „ქდმ“- დან „ნაციონალებში“ გადასვლის ფაქტი მეტი საქმის გაკეთების სურვილით ახსნა.

„მინდა, რომ ის რასაც ჩემი ოპოზიციაში ყოფნისას ვითხოვდი, ამ გუნდთან ერთად გავაკეთო. ჩემი სურვილია შეცდომა, თუ კი რამე იყო, ერთობლივად გამოვასწორთ. მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტი მომენტია და ყველა პატრიოტულ პოზიციაზე მდგომი ადამიანი მსგავს არჩევანს გააკეთებდა“,- აღნიშნა დეპუტატმა.