ვანო მერაბიშვილი: მთავრობამ შევარდნაძის ეპოქაში არსებული პრაქტიკა აღადგინა

  14:30:15     15-01-2013

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალ მთავრობას საბიუჯეტო კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს.

ყოფილი პრემიერის ბრიფინგი პარტიის ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

როგორც ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საბიუჯეტო კრიზისი გამოწვეულია ბიუჯეტში რეალური შემოსავლების კლებით.

ვანო მერაბიშვილი: საქართველოში ეკონომიკური აქტიურობის მაჩვენებელი შემცირებულია, რაც გამოიხატება როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის შემცირებაში. ბოლო სამი თვის მანძილზე საქათველოში წარმოება და ვაჭრობა შემცირდა. ამავე დროს საგანგაშოდ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ვალების ოდენობა. დღეს ქართულ ეკონომიკურ სუბიექტებს ერთმანეთის მიმართ დაუგროვდათ დიდი ოდენობის ვალი. ამ კრიზისის შენიღბვის მიზნით, დღევანდელმა მთავრობამ აღადგინა ძველი, 2003 წლამდე შევარდნაძის ეპოქაში არსებული პრაქტიკა. რაც გადასახადების წინასწარ გადახდას გულისხმობს. ეს პროცესი უკვე მასობრივად დაიწყო. ანუ, კომპანიებს დეკემბერში ახდევინებენ იანვარში გადასახად თანხას. ეს ყველაფერი სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს.

‘’ნაციონალური მოძრაობის’’ გენერალური მდივნის თქმით, საბიუჯეტო კრიზისი სამი ფაქტორითაა გამოწვეული: პირველი - ბიზნესების მასობრივი შემოწმება, როგორც საგადასახდადო ინსპექციის, ფინანსური პოლიციის, პროკურატურის და რაც ყველაზე საგანგაშოა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

‘’ჩემი შს მინისტრობის დროს ყველა დეპარტამენტს აკრძალული ქონდა გამოძიება და შემოწმება ნებისმიერი ბიზნესის. ჩემი ამ პოსტზე მუშაობის დროს შსს-ს არც ერთი ბიზნესი არ შეუმოწმებია საგადასახადო ან სხვა ტიპის დარღვევებთან დაკავშირებით. შეჩერდა ინფრასტრუქტურული პროექტები, რამაც უმუშევრობისა და შემოსავლების კლება  გამოიწვია. ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, დღევანდელ მთავარობას არ გააჩნია ერთიანი, მკაფიო ეკონომიკური მოქმედების გეგმა’’ - განაცხადა მერაბიშვილმა.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, ‘’ნაციონალური მოძრაობა’’ 22 იანვარს საზოგადოებას 2012 წლის ბოლო სამი თვის მონაცემებს წარუდგენს, სადაც მერაბიშვილის თქმით ეკონომიკური მაჩვენებელი საგანგაშოა.