შეეწირება თუ არა ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი გოჩიაშვილის საქმეს?
11:48:45     15-01-2013
შს სამინისტრო ახალგაზრდა პიანისტის, ბექა გოჩიაშვილის განცხადებას ეხმაურება. რომელიც მან გუშინ ‘’რუსთავი 2’’-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა და ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლები ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა.
განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს, ნათქვამია, რომ ღარიბაშვილის დავალებით, გენერალურმა ინსპექციამ ბექა გოჩიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, შიდა მოკვლევა დაიწყო. სამინისტრო განმარტავს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოკვლევის მასალები საჯარო გახდება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ბექა გოჩიაშვილისა და მისი ძმის ლაშა გოჩიაშვილის მოწმის სახით დაკითხვის დროს, ადგილი ჰქონდა პოლიციელთა მხრიდან მუქარას, ზეწოლას და უფლებამოსილების გადამეტებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კანონის სრული დაცვით მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
შს სამინისტრო იმ საქმესაც ასაჯაროებს, რომელთან დაკავშირებითაც გოჩიაშვილი პოლიციაში დაიბარეს.
‘’რაც შეეხება ბექა და ლაშა გოჩიაშვილების მოწმის სახით დაკითხვის აუცილებლობას, 2013 წლის 4 იანვარს, ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ქ.თბილისში, მ. კოსტავას ქუჩა N63ა-ში მდებარე ნანა დავითაიას საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე, საიდანაც მოიპარეს სეიფი, რომელშიც ნანა დავითაია ინახავდა 60 000 ევროს, 20 000 ლარს, 10 000 აშშ დოლარს და 300 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროულობას.
მოწმეთა ჩვენებებით გაირკვა, რომ ბინის გასაღებით ისარგებლა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის, ბექა გოჩიაშვილმა, რომელიც ნანა დავითაიას თანხმობით, ერთი დღე დარჩა აღნიშნულ ბინაში, სადაც მას ესტუმრნენ მეგობრები.
2013 წლის 8 იანვარს, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ არასრულწლოვანი ბექა გოჩიაშვილი, მშობლის - ვალერიან გოჩიაშვილის თანდასწრებით და ბექას ძმა - ლაშა გოჩიაშვილი. ბექა გოჩიაშვილმა განმარტა, რომ ბინაში ყოფნის დროს, მისმა მეგობრებმა სახლი დაათვალიერეს და ეძებდნენ ,,იუ ეს ბი"-ს გადამყვან კაბელს, რა დროსაც, ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა, რომლის ვინაობაც არ ახსოვს, დაუძახა საძინებელი ოთახიდან და უთხრა, რომ კარადაში იყო სეიფი. იგი შევიდა, ნახა სეიფი და მეგობრებს სთხოვა, რომ ძებნა აღარ გაეგრძელებინათ, ვინაიდან თავი ძალიან უხერხულად იგრძნო. 2013 წლის 4 იანვარს, ღამით კი - გაიგო, რომ დავითაიას ბინიდან სეიფი იყო მოპარული.
აღნიშნულ საქმეზე, იმავე დღეს, მოწმის სტატუსით დაიკითხნენ ბექა გოჩიაშვილის მეგობრებიც.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს შსს-ს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილება.’’
როგორც ჩანს ვაკე-საბურთალოს პოლიცია ძალიან ცდილობდა საქმის გახსნას, იმდენად, რომ პოლიციის უფროსმა მისი წინამორბედის, ამჟამად შს მინისტრის მოადგილის - ალეკო ტაბატაძის მეთოდები გამოიყენა.
ბექა გოჩიაშვილი დაკითხვას ასე აღწერს: ვიკითხებოდი არაადეკვატური დაკითხვის მეთოდით. მოახდინეს ფსიქოლოგიური ზეწოლა. იყო გარკვეული სახის დამუქრებები, რომ მე რაღაც საშინელება მეღიარებინა.
პიანისტთან ერთად დაკითხვაზე იმყოფებოდა მისი ძმა, ლაშა გოჩიაშვილიც, რომელიც პიანისტის თქმით, ასევე პოლიციელების მსხვერპლი გახდა.
„ჩემი ძმის დაკითხვა გაცილებით მძიმე იყო, მას შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. დაკითხვიდან გამოსული ლაშა ვერ აზროვნებდა. მას დაჭერით და საშინელი რაღაცეებით ემუქრებოდნენ“,- განაცხადა გოჩიაშვილმა, თუმცა, რა სახის მუქარა განხორციელდა მისი და მისი ძმის მისამართით არ დააკონკრეტა.
ბექა გოჩიაშვილმა, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, ფეისბუქის საშუალებით მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერა გამოხატა მის მიმართ.
‘’ყველას
უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის,
მომხდარით გაოგნებული ვარ
და ძალიან მწყინს, რომ
ჩემს ქვეყანაში ასე
მომექცნენ.
არავიზე დაბოღმილი და
შურისძიებით განწყობილი არ
ვარ, უბრალოდ მინდა, რომ
ასეთი რამეები, ასეთი
ფორმით არსად და
მითუმეტეს საქართველოში არ
ხდებოდეს’’
- დაწერა გოჩიაშვილმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შს სამინისტრო მოწმეებზე განხორციელებულ ზეწოლაში ამხილეს, თუმცა გენერალური ინსპექციის რეაგირების მხოლოდ ერთი ფაქტია ცნობილი - თენგიზ გუნავას საქმეზე, ნარკოტიკული საშუალებისა და იარაღის ჩადების გამო პოლიციელების სამსახურიდან გათავისუფლება.