![2012 წლის ყველაზე აბსურდული დაპატიმრებების სია 2012 წლის ყველაზე აბსურდული დაპატიმრებების სია](http://presa.ge/img/multimedia/a22983.jpg)
2012 წლის ყველაზე აბსურდული დაპატიმრებების სია
23:08:23     14-01-2013
Amnesty International-ის უფლებადამცველების აზრით, პირდაპირ გასაოცარია თუ რისთვის ისტუმრებენ ზოგიერთ ქვეყანაში სატუსაღოებში ადამიანებს და როგორი მკაცრი სასჯელი გამოაქვთ ადგილობრივ სასამართლოებს.
1. სათამაშო დათუნიების ფოტოსურათების გამოქვეყნებისათვის
ანტონ სურიაპინი ბელორუსიიდან ერთი თვით მოხვდა ციხეში მას მერე, რაც გამოაქვეყნა სათამაშო დათვების ფოტო, რომლებიც თვითმფრინავიდან გადაყარეს. ეს შვედური სარეკლამო სტუდიის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ბელორუსიაში სიტყვის თავისუფლებისათვის ჩატარდა.
ანტონს `არალეგალური მიგრაციის ორგანიზებაში~ ადანაშაულებენ, რადგან მან პირველმა გაუშვა ქსელში დათვების ფოტოსურათები. ახლა მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2. ტვიტერში გამოსვლისთვის
სასამართლომ არ მიიღო ბახრეინის მოქალაქის აპელაცია, რომელმაც ტვიტერში `სახალხოდ შეურაცხყო მეფე~ და ახლა 6 თვიანი, ხოლო სხვა ორ `წესრიგის დამრღვევს~ კი _ 4 თვიანი პატიმრობა ელის. ბახრეინის სს სკოდექსის 214-ე მუხლით, მეფის შეურაცხყოფა დანაშაულია.
3. სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამოსვლისათვის
იმამა ბაბა ლიმ ღიად გააკრიტიკა გამბიაში აგვისტოს თვეში განხორციელებული 9 ადამიანის დასჯა. რამდენიმე თვის შემდეგ ორმა სამოქალაქო ფორმიანმა მამაკაცმა ის დაზვერვის შტაბ-ბინაში წაიყვანა დაკითხვაზე. მას მერე იმამა აღარავის უნახავს.
4. სხვა აქტივისტებისადმი სოლიდარობის გამოცხადებისთვის
მაო ხენგფენგი, რეპროდუქციული უფლებებისთვის დაუღალავი მებრძოლი, ჩინეთში იძულებითი გასახლების შეწყვეტისათვის გამოდის, რის გამოც არაერთგზის მოხვდა შრომა-გასწორების ბანაკში, სადაც ის აწამეს და ტვინში სისხლჩაქცევა დაემართა. სექტემბერში მას ბანაკში 18 თვით ყოფნა მიუსაჯეს დაღუპული აქტივისტების წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისათვის. ამჟამად მაოს ადგილსამყოფელი უცნობია და ოჯახი ვერ ეხმარება ვერც ფულით და ვერც სხვა საჭირო ნივთებით.
5. მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმისთვის
2006 წელს სამხედრო მოსამსახურე კიმბერლი რივიერა ერაყში იყო გამწესებული. შვებულების დროს სამშობლოში ყოფნისას მან გააცნობიერა, რომ მას აღარ შეუძლია არც ომში და არც სხვა შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება. იმისათვის, რომ თავი აერიდებინა ერაყში წასვლისთვის, კიმბერლი კანადაში გაემგზავრა, სადაც უარი უთხრეს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. აშშ-ში დაბრუნებისას ის დააკავეს. ახლა ამ ქალბატონს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის.
6. მთავრობის სახლთან მიახლოების გამო
კუბელი აქტივისტი, ჟურნალისტი და უფლებადამცველი ანტონიო როდილესი 2012 წლის ნოემბერში დააპატიმრეს ჰავანაში კუბის დაზვერვის შტაბ-ბინაში ვიზიტისას, სადაც ის დამოუკიდებელი იურისტისა და ჟურნალისტის იარემის ფლორესის დაპატიმრების შესახებ ცნობების გასაგებად იმყოფებოდა. ის სამოქალაქო ფორმაში მყოფმა ოთხმა ადამიანმა დააკავა, რის შემდეგაც ბრალი დაედო `ხელისუფლების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის~. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს.
7. აბორტისათვის
ელ-სალვადორში მერიმ არალეგალურ მედიკამენტოზურ აბორტს მიმართა ორსულობის მერვე თვეში. რამდენიმე ხნის შემდეგ გარკვეული შემაწუხებელი სიმპტომები დაეწყო, რის გამოც საავადმყოფოში ექიმს მიაკითხა. სამედიცინო პერსონალმა დაუყოვნებლივ შეატყობინა ქალის შესახებ პოლიციას, რადგან სალვადორში აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. მერის მაშინვე ხელბორკილები დაადეს და საკაცეზე მიაბეს. აბორტისთვის მას 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მერის ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ მან თვითმკვლელობაც კი სცადა. ახლა ის ფსიქიატრიულ განყოფილებაში იმყოფება, სადაც ზოგიერთი მცველი მას მკვლელს უწოდებს.
8. ინტერნეტში ვიდეოს გავრცელებისთვის
ეგვიპტელი საბერ აიადი 13 სექტემბერს მას მერე დააპატიმრეს, რაც აგრესიული მამაკაცების ჯგუფი მის სახლს შემოერტყა და ერესისათვის, ათეიზმისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმის `მუსულმანის უცოდველობის~ გავრცელებისთვის მის სიკვდილს მოითხოვდა. რამდენადაც ცნობილია, ეს ფილმი ბევრისთვის შეურაცხმყოფელია, რადგანაც წინასწარმეტყველ მუჰამედსა და ისლამს ნეგატიურად ასახავს. საბერის დედამ ეს პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც მათ დაიჭირეს ის და მისი კომპიუტერისა და კომპაქტ- დისკის კონფისკაციაც მოახდინეს. არასამართლიანმა სასამართლომ მას `რელიგიის დიფამაციისთვის~ წაუყენა ბრალი და 3 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. Amnesty International-ის აზრით ვერდიქტი `აღმაშფოთებელია და სიტყვის თავისუფლებას საშიშროებას უქადის~.
9. ბლოგისათვის
ვიეტნამელი ჟურნალისტების დამოუკიდებელი თავისუფალი კლუბის დამფუძნებელინგუენ ვან ხაი აკრიტიკებდა ჩინეთის პოლიტიკას ვიეტნამში და იყო მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე. ორ თანამონაწილესთან ერთად მან პირველმა დაიწყო სოციალური ქსელის გამოყენება კორუფციის გაშუქებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის ვიეტნამში. სასამართლომ მას 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა, მეორეს _10 წლამდე, მესამეს კი _ 4 წლამდე `სახელმწიფოს საწინააღმდეგო პროპაგანდისათვის~.
10. სიმღერებისთვის
ქალთა პანკ-ჯგუფ "Pussy Riot"-ის სამი მონაწილე დადანაშაულებული იქნა მოსკოვის საკათედრო ტაძარში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო სიმღერების შესრულებისთვის. ორი მათგანი მკაცრი რეჟიმის შორეულ კოლონიაში გადააგზავნეს 2 წლით.