პოლიციელთა ზეწოლა პიანისტ ბექა გოჩიაშვილზე (ვიდეო)
18:27:04     14-01-2013
ვირტუოზი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ახალგაზრდა ჯაზმენმა ტელეკომპანია ‘’რუსთავი 2’’-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, იგი 8 იანვარს, ვაკე–საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა მისი მეგობრის ბინის ქურდობის ფაქტზე მოწმის სტატუსით დაიბარეს და 6 საათის განმავლობაში კითხავდნენ.
მას სამართალდამცავები ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
ბექა გოჩიაშვილი: ვიკითხებოდი არაადეკვატური დაკითხვის მეთოდით. მოახდინეს ფსიქოლოგიური ზეწოლა. იყო გარკვეული სახის დამუქრებები, რომ მე რაღაც საშინელება მეღიარებინა.
პიანისტთან ერთად დაკითხვაზე იმყოფებოდა მისი ძმა, ლაშა გოჩიაშვილიც, რომელიც პიანისტის თქმით, ასევე პოლიციელების მსხვერპლი გახდა.
„ჩემი ძმის დაკითხვა გაცილებით მძიმე იყო, მას შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. დაკითხვიდან გამოსული ლაშა ვერ აზროვნებდა. მას დაჭერით და საშინელი რაღაცეებით ემუქრებოდნენ“,- განაცხადა გოჩიაშვილმა, თუმცა, რა სახის მუქარა განხორციელდა მისი და მისი ძმის მისამართით არ დააკონკრეტა.
პოლიციის მიერ ახალგაზრდების დაკითხვისა და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ყოფნის ფაქტს ადასტურებს გოჩიაშვილების მამა, ვალერი გოჩიაშვილიც.
ვაკე-საბუთალოს პოლიციაში ძმების დაკითხვის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა, მათზე რაიმე სახის ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.ბექა გოჩიაშვილი ამჟამად აშშ–ში იმყოფება. პოლიციასთან მომხდარი გაუგებრობისას ის საშობაო არდადაგებზე იყო ჩამოსული.