პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საპატრიარქოში (ვიდეო)

  12:06:02     14-01-2013

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პატრიარქის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ვახშამს დაესწრო.

პოლიტიკოსებმა უწმინდესს საიუბილეო თარიღი მოულოცეს და  ერთობლივად დალოცეს. „2013 წელი ყოფილიყოს სიყვარულის წელი! ჩვენ, საერო პირებს, მთავრობის წარმომადგენლებს გვაქვს ვალდებულება გავაგრძელოთ ის სიყვარული, რაც ჩვენმა უწმინდესმა გვაჩუქა და ამ სიყვარულით უნდა დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა. 

უნდა მოვახერხოთ და დავაწყნაროთ ჩვენი ქვეყანა და მხოლოდ სიყვარულით გავაგრძელოთ ცხოვრება,“ – ასე მიულოცა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქოში შეკრებილ სასულიერო პირებს და სრულიად საქართველოს ახალი 2013 წლის დადგომა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა პირნათლად შეასრულებს აღებულ ვალდებულებას და მხოლოდ სიყვარულით დაიწყებს ქვეყნის აღმშენებლობას.

ილია მეორემ სადღეგრძელოს წარმოთქმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც სთხოვა. „პრემიერმა ყველაფერი თქვა, მის წარმოთქმულს ვეთანხმები უწმინდესო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„მოკიდე მიშა, დავაი“,- იყო საპასუხო რეპლიკა ივანიშვილისგან. გუშინ გამართულ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან საზეიმო მიღებას, სასულიერო პირებთან ერთად, ასევე მსოფლიო პატრიარქი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.