![ყაჩაღობების სერია ძველით ახალი წლის ღამეს ყაჩაღობების სერია ძველით ახალი წლის ღამეს](http://presa.ge/img/multimedia/a22958.jpg)
ყაჩაღობების სერია ძველით ახალი წლის ღამეს
11:11:30     14-01-2013
გვიან ღამით, გლდანში მაღაზია დააყაჩაღეს. როგორც სავაჭრო ობიექტის თანამშრომლები ყვებიან, წაღებულია დაახლოებით 250 ლარი. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
მაღაზიის თანამშრომლის, თამარ წივწივაძის განცხადებით, მაღაზია ორმა მამაკაცმა დააყაჩაღა, ერთი ცეცხლსასროლი, მეორე კი ცივი იარაღით იყო შეიარაღებული.
„ისინი გვაგინებდნენ და ამბობდნენ, ჩქარა ფული, თორემ მოგკლავთო“,- აცხადებს მაღაზიის გამყიდველი.
მაღაზიის მფლობელის, მანანა ბრაჭულის თქმით, თავდამსხმელებს ნიღბები არ ეკეთათ, თუმცა მათ გამყიდველები ვერ აღწერენ.
„არ ეკეთათ ნიღბები, თუმცა, სახის ნაწილი სვიტერის საყელოთი ჰქონდათ დაფარული, თავზე კი ქუდი ეხურათ. თანამშრომლები ერთ კუთხეში მიყარეს და მოითხოვეს ფული. ერთს დაარტყეს კიდეც, რადგან მან მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწია“,- ამბობს მაღაზიის მესაკუთრე.
გლდანი ერთადერთი არ ყოფილა თბილისში, სადაც შემთხვევის ადგილზე ძველით ახლის წლის ღამის გატარება მოუხდა პოლიციას. გვიან ღამით, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ტირიფებიც“ გაძარცვეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხის წაღება მოახერხეს კრიმინალებმა. უცნობია მძარცველთა რაოდენობაც.
ყაჩაღური თავდასხმა მოხდა ბენზინგასამართ სადგურზეც. ამ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს, ვინაიდან სამართალდამცავებმა აღნიშნული დანაშაული გახსნეს.
შსს-ს ცნობით ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ზურაბ დ. დააკავეს.
არადა, სამების საკათედრო ტაძარში მისული შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნებოდა, რომ მისი უწყება სრულად აკონტროლებს სიტუაციას და კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას არ დაუშვებს.
"ამნისტიის კანონი ძალიან მკვეთრად გაცხადებული ჰუმანური ჟესტია ჩვენი ახალი მთავრობისა. ამავდროულად არსებობდა გარკვეული საუბარი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, გაზრდილიყო კრიმინალი, დაძაბული სიტუაცია, მაგრამ მე მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენი სამინისტრო, მთლიანად პოლიცია, აბსოლუტურად მობილიზებულია. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას და არ დავუშვებთ კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებას. ეს არის უნიკალური შანსი ამ ადამიანებისთვის, რათა მოხდეს მათი სრული რეინტეგრაცია საზოგადოებაში", - განაცადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ბოლო დროს გახშირებული კრიმინალური ფაქტების გამო, წერეთელზე არსებული მაღაზიების დიდმა ნაწილმა კერძო დახცის სამსახურს მიმართა, ნაწილმა კი უსაფრთხოების ნორმები გაძლიერა.
რაც შეეხება ავტომობილების მფლობელებს, ისინი იმ ავტოფარეხებს დაუბრუნდნენ, რომლებიც ბოლო 8 წლის განმავლობაში არ დასჭირვებიათ.