
ოქრუაშვილი გაათავისუფლეს
17:45:24     11-01-2013
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ, სამსაათიანი შესვენების შემდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.
ოქრუაშვილს გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, 15 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეცვალა. ბრალდებულს გირაოს თანხის გადახდის ან შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფის ვადად 30 დღე განესაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დაკითხულია საქმესთან შემხებლობის მქონე თითქმის ყველა მოწმე და აღარ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, შესაბამისად არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელის შემშლელი ფაქტორები.
საქმის არსებითი განხილვის მომდევნო სხდომა 2013 წლის 15 იანვარს, 15:00 საათზე დაინიშნა.
ოქრუაშვილი, რომელიც ადამიანებს საძინებლებში უვარდებოდა და ისე აკავებდა, პრეზიდენტს მას შემდეგ გაუნაწყენდა, რაც თავდაცვის მინისტრობიდან ეკონომიკის მინისტრად გადაიყვანეს.
მან, ტელეეთერიდან პრეზიდენტს მძიმე ბრალდებები წაუყენა. თუმცა, როცა დააკავეს, აღიარა, რომ ცრუ ბრალდებები ბადრი პატარკაციშვილის დავალებით გაახმოვანა.
ამის შემდეგ ოქრუაშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთს სთხოვა და მიიღო კიდეც. თუმცა, ოქრუაშვილმა საქართველოს თავი იმითაც შეახსენა, რომ რუს ჟურნალისტებთან თუ ჩინოვნიკებთან შეხვედრისას ჩვენი ქვეყანა დაადანაშაულა 2008 წლის ომის პროვოცირებაში.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქართველოში ჩამოსვლისა და ჩაბარების შემდეგ, უმრავლესობა მისი ამნისტირების საკითხზე დიდხანს დაობდა. ის, რომ ოქრუაშვილი პოლიტპატიმართა სიაში ვერ მოხვდა, მისმა თანაგუნდელებმა ბესელიას შურისძიებას დაუკავშირეს. მას შემდეგ კი, რაც ექს-მინისტრმა შიმშილობას მიჰყო ხელი და ბესელიაზეც ხმამაღლა ალაპარაკდა, პროკურატურამ ყოფილ მაღალჩინოსანზე ზრუნვა დაიწყო და ბრალდებები ერთი-მეორეს მიყოლებით მოუხსნა.