ტერორი გრძელდება - გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი დააკავეს

  16:49:15     11-01-2013

ივანიშვილის მთავრობა პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს აგრძელებს. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნიის ადმინისტრაციის და საფინანსო სამეურნეო სამსახურის უფროსი ზურაბ კასრაძე დაკავებულია, ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

'სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თამანშრომლებმა დააკავეს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნიის ადმინისტრაციის და საფინანსო სამეურნეო სამსახურის უფროსი  ზურაბ კასრაძე' - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიება კასრაძეს, გუბერნიიის ადმინისტრაციულ შენობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ქალაქ რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მფლობელ კერძო პირებთან მოლაპარაკების წარმოებასა და აღნიშნული ნაკვეთების ავტობაზრობის მოსაწყობად ერთ-ერთი შპს–ს დამფუძნებლებისთვის მიყიდვის შეთავაზებას ედავება.

საგამოძიებო სამსახურის ირწმუნება, რომ კასრაძე საკუთარ კაბინეტში, პირადად უხდიდა მფლობელებს მიწის ნაკვეთების თანხას  და ხელს უწყობდა   გადაფორმებაში. ხადურის უწყების აზრით, აღნიშნული პირი ნასყიდობის ხელშეკრულებაში უთითებდა გაცილებით მეტი ოდენობის თანხას, ვიდრე რეალურად გადასცემდა მფლობელებს. თუმცა, დაკავებულის ახლობელთა განცხადებით, კასრაძე უდანაშაულოა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლითა და 210 – ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფინანსო სამეურნეო სამსახურის უფროსს 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პ.ს: ქვემო ქართლში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ კასრაძის დაკავება პოლიტიკური შურისძიების გაგრძელებაა და რეალურად გუბერნატორის წინააღმდეგაა მიმართული. ექსპერტთა აზრით, ღარიბაშვილ-კბილაშვილ-ხადურმა შური იძია დავით კირკიტაძეზე, რადგან მან, პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ ქვემო ქართლში კრიმინოგენური სიტუაცია დაიძაბა და 33 ყაჩაღობა მოხდა.