
რუსული მედიის ცნობით, მელნიკოვი შესაძლოა უკრაინამ ანატოლი ჩუბაზე გაცვალოს
13:30:28     11-01-2013
უკრაინამ უარი თქვა გადასცეს საქართველოს ოლეგ მელნიკოვი - ქართველი შსს-ს მაღალჩინოსანი, რომელიც უფლებამოსილების გადამეტების გამო თავის ქვეყანაში ძებნილად იყო გამოცხადებული.
სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, უკრაინის სასამართლომ, რომელმაც განიხილა საქართველოს პროკურატურის მასალები, დაასკვნა, რომ ექსტრადიციისათვის საკმარისი და დასაბუთებული საფუძველი არ არსებობს.
რუსული მედია იხსენებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მტკიცებასაც იმის შესახებ, რომ უკრაინა მელნიკოვს აუცილებლად გადმოსცემს საქართველოს.
იმავე რუსული მედიის ინფორმაციით, მელნიკოვი შეიძლება გაიცვალოს საქართველოში დაკავებული ანატოლი ჩუბაზე, რომელიც კიევის კომუნალური საკუთრების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელია და რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და საპრივატიზაციო დოკუმენტების მოპარვა ედება ბრალად.
იმის შესახებ, რომ უკრაინის სასამართლომ მელნიკოვის ექსტრადირებაზე უარი თქვა, თავად მელნიკოვის ადვოკატმაც განაცხადა, თუმცა საქართველოს პროკურატურამ ეს ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ გუშინ უკრაინაში მელნიკოვის ექსტრადირების საკითხი საერთოდ არ განხილულა და მას მხოლოდ პატიმრობა შეუფარდეს 12 თვით, რასაც უკრაინული წყაროები ადასტურებენ, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამის პარალელურად, ქართულ მხარეს, გაგზავნილი ბრალდების მასალების უსაფუძვლობის გამო, მელნიკოვის ექსტრადირებაზე უკრაინამ უარი თქვა.