ბასაევი პაპასკირმა მოკლა...

  10:42:30     11-01-2013

ცნობილი გახდა ვინაობა ადამიანისა, რომელმაც ჩეჩენი საველე მეთაური შამილ ბასაევი მოკლა. ეს არის რუსლან პაპასკირი, იგივე ჩეჩნეთის მკვიდრი ალი დაბუევი. ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu Haber A სტამბულში დაზვერვისა და ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტში თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ინფორმაცია ასევე გადასცა თურქულმა ტელეარხმა D-მ.

სააგენტოს მიმომხილველი აცხადებს, რომ რუსლან პაპასკირს, მეტსახელად ,,ზონას”, ხოლო აგენტურული სახელით ,,მოჩვენებას”, სტამულის ზაიტინბურუს რაიონში 2011 წელს 3 ჩეჩენის მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბრალად.

მანამდე თურქეთის ხელისუფლება იუწყებოდა, რომ ,,ზონამ” აღიარა, რომ სწორედ მან მოკლა სტამბულში კავკასიის იმარატის წარმომადგენლები – 2008 წელს ისლამ ჯანიბეკოვი და 2009 წელს ალი ოსაევი (მუსა ატაევი).

თურქული პრესის ცნობით, ,,ზონამ” ისიც აღიარა, რომ მონაწილეობას იღებდა 2011 წლის 16 სექტემბერს ზაიტინბურუს რაიონში 3 ჩეჩენი დევნილის – ბეკ-ხაჟი მუსაევის, რუსტამ ალტემიროვისა და ზაურბეკ არმიევის მკვლელობის მზადებაში.

თურქული სააგენტო ინფორმაციით, ,,ზონამ” დაკითხვის დროს ასევე განაცხადა, რომ შამილ ბასაევი აპირებდა დიდი რვიანის სამიტის დროს შეეტია მოსკოვზე და მოეთხოვა ჯარების გაყვანა არა მარტო ჩეჩნეთიდან, არამედ მთელი ჩრდილოეთ კავკასიიდან.

ეს ინფორმაცია ,,ზონამ” რუსეთის ,,ფსბ”-ს გადასცა და მიიღო ბრძანება მოსკოვიდან, გამოეყენებინა მომენტი და მოეკლა ბასაევი.

ამასთან დაკავშირებით კავკასიის იმარატის ოფიციალური წყარო ,,კავკაზცენტრი” აღნიშნავს, რომ ,,ზონა” იყო ,,აფხაზეთის გმირის” შამილ ბასაევის პირადი წარმომადგენელი საქართველოში, სადაც ის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ჩეჩნეთიდან ჩავიდა და მის დავალებებს ასრულებდა.

თურქული სააგენტო თურქეთის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ სწორედ ,,ზონამ” დანაღმა იარაღითა და საბრძოლო მასალით სავსე მანქანა, რომელიც ბასაევისთვის იყო განკუთვნილი. ტელეარხი D კი აცხადებს, რომ ,,ზონამ” თავად აღიარა ,,ფსბ”-ს დავალებით მანქანის დანაღმვის ფაქტი. ამის შემდეგ კი მან გააგრძელა თავისი მოღვაწეობა საქართველოში.

თურქული მედია გამოძიებაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ პაპასკირი 12 სხვადასხვა პასპორტით 58-ჯერ შევიდა თურქეთში და ის უშუალოდ იყო კავშირში თურქეთის ტერიტორიაზე ჩეჩნების მკვლელობასთან. ის სტამბულის აეროპორტში 2012 წლის 16 ნოემბერს დააკავეს.

იმავე დღეს დააკავეს მისივე ჯგუფის რამდენიმე წევრი, რომლებიც ამ დროისათვის სტამბულის პოლიციის უცხოელთა საქმეების დეპარტამენტში იმყოფებიან.