
სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს
09:40:17     11-01-2013
სეპარატისტული ინტერნეტ მედია-საშუალებები სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ეპოსოლოგ ვარდან სედრაქიანის გამოსვლიდან ამონარიდს აქვეყნებენ, რომელიც დეკემბრის თვეში პრეს-კლუბ არცახში გაჟღერდა. სედრაქიანმა თავის გამოსვლაში ლამის ფიცი დადო, რომ პრეზიდენტის პოსტზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობას, და მთლიანად საქართველოს განადგურებას გეგმავს. ეს პოზიცია კი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობით ახსნა და საქართველოს ისტორიის თავისეული ვერსიაც წარმოადგინა.
ვარდან სედრაქიანის საპრეზიდენტო გეგმაშია სამცხე-ჯავახეთის სომხეთთან შეერთება, შემდგომში კი სომხეთსა და რუსეთს შორის საერთო საზღვრის გავლება. მან ევრაზიულ კავშირში სომხეთის შესვლის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კავშირში მუშაობა უფრო პროდუქტიული იქნება, თუ რუსეთთან საერთო საფეხმავლო საზღვარი ექნებათ.
„მე ვაპირებ
შევუერთო სამცხე-ჯავახეთი სომხეთს, შემდგომი მიზნით - რათა არსებობდეს საერთო
საზღვარი სომხეთისა რუსეთთან... გაპრეზიდენტების შემდეგ მე ვაპირებ ვცნო
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რაც აუცილებელია ისტორიული
სამართლიანობის აღდგენისთვის. თუკი ჩვენ სომხები, სამართლიანად ვთვლით
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხების მისწრაფებას - გავიდნენ ამ რესპუბლიკის
შემადგენლობიდან და იცხოვრონ ისე, როგორც ვთვლით საჭიროდ - დამოუკიდებლად ან
სომხეთის შემადგენლობაში, მაშინ, ასეთ შემთხვევაში რატომ არ შეგვიძლია ვაღიაროთ
კანონიერი უფლება აფხაზებისა - გავიდნენ საქართველოს შემადგენლობიდან და შექმნან
ცალკე სახელმწიფო, განსაკუთრებით, თუ გავითვასლიწინებთ იმ ფაქტს, რომ არცახი
არასოდეს ყოფილა ცალკე სახელმწიფო, მაშინ, როცა აფხაზეთის სამეფო თავის დროზე
აფხაზური სახელმწიფო თავის დროზე საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო წარმონაქმნი იყო და IX-XX საუკუნეებში
ქართველ მეფეებთან მუდმივი შეიარაღებული შეტაკებები ჰქონდათ. ამ დროს აფხაზეთში
მეფობდა ბაგრატუნების ერთ-ერთი შტო და სომეხმა და აფხაზმა ჯარებმა შეძლეს გაემარჯვებინათ
ქართულ არმიაზე. შემდეგ ურთიერთობა აფხაზ ლევონ ბაგრატუნსა და სომეხ გაგიკ
ბაგრატუნს შორის ისე გართულდა, რომ ლამის თბილისის (მცხეთის) კონტროლის საკითხზე
კონფლიქტში გადაიზარდა. საბოლოოდ თბილისი აფხაზებთან გადავიდა და აფხაზმა მეფეებმა
თავის ტიტულს დაუმატეს „ქართლის მეფის“ ტიტული, ანუ იწოდებოდნენ აფხაზთა და
ქართველთა მეფეებად“ - განაცხადა სედრაქიანმა და დასძინა, რომ თუკი აფხაზებსა და
ოსებს არ სურთ საქართველოს შემადგენლობაში ცხოვრება და დამოუკიდებლობისთვის
იბრძვიან, რაც სისხლით მოიპოვეს, სომხეთი ვალდებულია აღიაროს მათი დამოუკიდებლობა.
როგორც „ექსპერტთა კლუბი“ წერს სედრაქიანთან მიმართებაში დამამშვიდებელი გარემოება
ისაა, რომ ერევნელი პოლიტიკოსების შეფასებით, სომეხი ეპოსოლოგი მსუბუქწონიან
კანდიდატთა რიცხვშია, რომლებიც ვერ მოაგროვებენ ხმათა ერთ პროცენტსაც კი სომხეთის
წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე.