„ქართული ოცნების“ 10 ტყუილი

  16:51:29     10-01-2013

ახლა, როცა უკვე სამ თვეზე მეტი გავიდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან, საინტერესო იქნება გავიხსენოთ იმ ტყულთა კასკადი, რომელიც ივანიშვილის მთავრობისთვისაა დამახასიათებელი. 

აქვე აღვნიშნავთ - ჩვენ ამ შემთხვევაში, არ ვსაუბრობთ ძველ ხელისუფლებაზე და არ ვაცხადებთ, რომ მათი წარმომადგენლები არ იტყუებოდნენ. თუმცა, როცა ივანიშვილს აქვს (ჰქონდა) პრეტენზია ყოფილიყო უკეთესი ხელისუფალი, ვიდრე მისი წინამორბედი, იგივე შეცდომები მაინც არ უნდა დაუშვას, რის გამოც წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდა.. 

მაშ ასე, ტყული პირველი: ივანიშვილმა კახელები მოატყუა და თითქოსდა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხული 80 მილიონი, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უკან წაიღო. დაზარალებულებს კი, ამ დრომდე არ მიუღიათ დაპირებული კომპენსაცია.

ტყუილი მეორე: ივანიშვილი, ალასანია და კოალიციის სხვა ლიდერები, ხალხს, ელექტოენერგიისა და გაზის ტარიფის განახევრებას ჰპირდებოდნენ. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ პრემიერ მინისტრმა აღიარა, რომ მათი ეს დაპირება გაუაზრებელი და ნაჩქარევი იყო. 

ტყუილი მესამე: ივანიშვილის კოალიცია ამომრჩეველს საწვავის ფასის მინიმუმ მესამედით შემცირებას ჰპირდებოდა. მათი აზრით, საწვავის გაბერილი ფასიდან 50 თეთრი ნაციონალური მოძრაობის „შავ ყულაბაში“ მიდიოდა. შესაბამისად, საწვავი მესამედით თუ არა, 50 თეთრით მაინც უნდა შემცირებულიყო. ყიდულობთ თუ არა, ბენზინს, 50 თეთრით ნაკლებად არჩევნების შემდეგ, ეს თქვენზე უკეთ არავინ იცის.

ტყუილი მეოთხე: პრემიერ მინისტრი და მისი წარმომადგენლები საუბრობდნენ 220 ლარიანი პენსიის შესახებაც. ალასანია სამეგრელოში ხაზგასმით (წყალი რომ არ გაუვა ისე) აცხადებდა, რომ პენსია უსწრაფესად გაიზრდებოდა 220 ლარამდე. 

რა მოხდა? 120 ლარიანი პენსია, 2013 წელს 155 ლარამდე გაიზრდება (2013 წლის 1 იანვრიდან პენსია ისედაც 155 ლარი უნდა გამხდარიყო), ხოლო როდის აიღებენ პენსიონერები 220 ლარს, ამაზე ალბათ მემატიანეღა თუ მოუთხრობს შთამომავლობას.

ტყუილი მეხუთე: კოალიცია „ქართული ოცნება“ მუდამ აპელირებდა იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ბიუჯეტს არ უფრთხილდებოდნენ და პრემიებს ირიგებდნენ. მეტიც, ივანიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ ფულის დაზოგვის მიზნით სამთავრობო აგარაკებს გაყიდის. ის გვპირდებოდა, რომ ბიუჯეტის ფულს არ გაანიავებდა და საკუთარ მინისტრებს ბიუჯეტის ხარჯზე ფუფუნების საშუალებას არ მისცემდა...

რა არის სინამდვილე? – „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან შევიტყვეთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ (ბოლო სამ თვეში) 600 ათას ლარზე მეტი დახარჯა პრემიებში. ფინანსთა მინისტრმა ხადურმა კი, საკუთარ თავს 7 000 ლარიანი პრემია გამოუწერა.

შს სამინისტრომ, პოლიციის მაღალჩინოსნებს, რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილები ჩამოურიგა. 

ტყუილი მეექვსე: მილიარდელი ოლიგარქი ლამის იფიცებოდა, რომ პოლიტიკური ნიშნით სამინისტროებსა თუ რეგიონალური სამსახურებიდან ადამიანებს არ გაათავისუფლებდნენ. თუმცა, მივიღეთ საპირისპირო.

სამინისტროებიდან, გამგეობებიდან თუ სხვა სამსახურებიდან 2 ათასზე მეტი მოქალაქე პოლიტიკური ნიშნით (შენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ხარ) გაათავისუფლეს. მათ შორის ერთი შემზარავი ფაქტიც დაფიქსირდა. შს სამინისტროდან პოლიტიკური ნიშნით (ახალაისა და გუნავას ნაცნობი ხარ) ორსული ქალბატონი გააგდეს. 

ტყუილი მეშვიდე: „ქართული ოცნების“ პირველი პირები გვპირდებოდნენ, რომ უარს იტყოდნენ ნეპოტიზმზე და საჯარო სამსახურებში ნათესავებსა და ოჯახის წევრებს (კვალიფიკაციის გარეშე) არ დაასაქმებდნენ.

რა არის რეალობა? ახმეტაში, გამგებლად დაინიშნა დეპუტატ ზურაბ ზვიადაურის მეგობარი. ამ მეგობარმა მოადგილედ ზვიადაურის ბიძაშვილი დანიშნა. მან, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურიც ზვიადაურის მეორე ბიძაშვილს ჩააბარა. ამის შემდეგ, გამგებელმა, თავის თანაშემწედ საკუთარი ცოლის და დანიშნა, ხოლო, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ ზვიადაურის კიდევ ერთი ბიძაშვილის ცოლი დაინიშნა...

ტყუილი მერვე: შს მინისტრი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ პოლიტიკური ნიშნით არავის დაიჭერდნენ. რომ შეწყდებოდა პოლიტიკური დევნა პოლიციის მხრიდან და სამინისტრო გახდებოდა აპოლიტიკური. შს მინისტრი ორი თვის წინ იმასაც გვპირდებოდა, რომ ორ კვირაში გახსნიდა გურჯაანში, 9 თვის ბავშვის, ბარბარე რაფაიანცის საქმეს და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიდა.

მხოლოდ ფაქტები: პოლიციამ პოლიტიკური ნიშნით (შენ ბაჩო ახალაიას მეგობარი ხარ) დააკავა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, თენგიზ გუნავა. მას ჩაუდეს იარაღი და ნარკოტიკი (რაც მოგვიანებით მინისტრმა აღიარა) და შეეცადნენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. 

თუმცა, საზოგადოების მწავე რეაქციისა და ექსპერტიზის ბიუროს დასკვის შემდეგ, მინისტრმა, რომელიც აცხადებდა, რომ გუნავა დამნაშავე და ნარკომანი იყო, საკუთარი სიტყვები უკან წაიღო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ შეასრულა კიდევ ერთი დაპირება - ბარბარე რაფაიანცის საქმის გახსნის შესახებ (ამ დაპირებიდან არათუ ორი კვირა, არამედ ორი თვე გავიდა). ამ ბავშვის მკვლელობას „ქართული ოცნების“ წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი, მანანა ბერიკაშვილი უნამუსოდ და ხელაღებით აბრალებდა კახეთის ყოფილ გუბერნატორს, გიორგი ღვინიაშვილს. მიუხედავად დაპირებისა და მუქარისა (ჩვენ გავხსნით საქმეს), ჩვილის გარდაცვალების დეტალები დღემდე უცნობია. 

ტყუილი მეცხრე: ახალი ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ აღადგენდა სამართალს და ყველა თანაბარი იქნებოდა კანონის წინაშე. სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობას ღაღადებდნენ მთავარი პროკურორი კბილაშვილი და იუსტიციის მინისტრი წულუკიანი.

რა არის სინამდვილე? - პროკურატურას ამ დრომდე არ დაუკითხავს, „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ლუკა კურტანიძე, რომელიც ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა ლაგოდეხელებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუქარის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები არსებობს (ვიდეო-კადრები), კბილაშვილი სამართლიანობის აღდგენას ვერ ბედავს. ისევე როგორც ვერ ბედავს პრემიერ მინისტრ ივანიშვილის დაკითხვას ე.წ. რიყის საქმესთან დაკავშირებით.

ტყუილი მეათე: პრემიერი ივანიშვილი ყოველთვის ღიზიანდება, როცა მის პრორუსულ ორიენტაციაზე მიანიშნებენ. ივანიშვილი და კოალიციის წევრები ხმამაღლა ამბობენ, რომ პროდასავლურები არიან. 

თუმცა, ივანიშვილის ხელისუფლება მზადაა, კრემლის მოთხოვნის შესაბამისად, შესწორება შეიტანოს კანონში ოკუპაციის შესახებ. რუსული ინტერესების თანახმად, გადახედოს ავღანეთში, ქართველ ჯარისკაცთა ფუნქციას...

ივანიშვილის ხელისუფლებამ პოლიტდევნილებად და პოლიტპატიმრებად გამოაცხადა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და აგენტურული საქმიანობისათვის მსჯავრდებული პირები. 

ესენი არიან:

1. იური შკრილნიკოვი - რუსეთის მოქალაქე. მისჯილი აქვს 14 წელი შპიონაჟიშთვის. ახდენდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დაზვერვის - გრუ-ს- ქსელის კოორდინაციას;

2. არმენ გევორქიანი - რუსეთის მოქალაქე. მისჯილი აქვს 11 წელი. გრუ-ს აწვდიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას;

3. რუსლან გალოგრე - საქართველოს მოქალაქე, მისჯილი აქვს 14 წელი. გრუ-ს დავალებით ახორციელებდა საქართველოს სხვადასხვა მოქალაქის თვალთვალს საქართველოსვე ტერიტორიაზე;

4. რუბენ შიკოიანი - რუსეთის მოქალაქე, მისჯილი აქვს 11 წელი. გრუ-ს აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო კონტრაქტების შესახებ.

5. ედუარდ აბდულაევი - საქართველოს მოქალაქე. გრუ-ს აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების საკომუნიკაციო საშუალებების შესახებ.

ძვირფასო მკითხველო, ესაა თქვენი ოცნება?