
დავითაია: ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოს რუსეთს აახლოებს და ნატოს აშორებს
14:05:57     09-01-2013
მომავალში შესაძლოა ISAF-ის ოპერაციაში ქართველმა სამხედროებმა არ მიიღონ მონაწილეობა. ამის შესახებ "ევროპული დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავითაიამ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საუბარია თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, 2014 წლიდან ავღანეთში ქართული ჯარის ამოცანები საბრძოლო აღარ იქნება. ალასანიას განცხადებით, უკვე მიმდინარეობს დაგეგმარება, როგორი მისია ჩამოყალიბდება ISAF-ის დასრულების შემდეგ.
პაატა დავითაიას განცხადებით, ეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს ხელს შეუშლის.
„საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა მომავალში ISAF-ის ოპერაციაში ქართველმა სამხედროებმა არ მიიღონ მონაწილეობა. ამ გადაწყვეტილების მიღება პრემიერს და თავდაცვის მინისტრს შეუძლიათ. თუ ჩვენ მივისწრაფით ნატოსკენ, აუცილებელია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. მაგრამ საქართველოს ახალი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს რუსეთთან ურთიერთობების მაქსიმალური დათბობა. ამ ფონზე კი სეპარატისტები ითხოვენ საქართველომ მოიხადოს ბოდიში. რეალურად კი არ ხდება იმის დეკლარირება, რომ ცხინვალში და სამხრეთ ოსეთში მოხდა ეთნოწმენდა. მე მინდა მივმართო ახალ ხელისუფლებას და ვუთხრა რომ შეიმუშაონ სტრატეგია ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში“ -აცხადებს დავითაია.