შეიარაღებულმა პირებმა ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს

  13:55:40     09-01-2013

ოთხმა ახალგაზრდამ გუშინ ტაქსის მძღოლი დააყაჩაღა. დანით შეიარაღებულმა პირებმა ტაქსის მძღოლს ავტომანქანა, მობილური ტელეფონი და ფული წაართვეს. მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობაში ბრალდებული  ლევან ბ, ლაშა ბ, დავით კ. და გიგა კ. დააკავეს.

ძიების შედეგად დადგინდა, რომ ‘’ბრალდებულებმა,  2013 წლის 8 იანვარს, თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა ალისუბანში  ყაჩაღურად, ძალადობისა და დანის გამოყენებით, ტაქსის მძღოლ ავთანდილ მაღლაკელიძეს   მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მისი კუთვნილი „ოპელის"  მარკის ავტომანქანა, "ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი და 57 ლარი  წაართვეს, რის შემდეგაც, ისინი  ნაყაჩაღარი ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, მომხდარში დამნაშავე ოთხივე პირი, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, სოფელ რუფოთში, ქვეითად  მოძრაობის დროს დააკავეს.  ავტომანქანა კი - თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში,  მიტოვებული  აღმოაჩინეს.’’

შს სამინისტრო ერთ-ერთი დაკავებულის აღიარებით ჩვენებას ავრცელებს: ‘’დავიქირავეთ ტაქსი ქუთაისიდან და წავიყვანეთ თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა ალისუბანში, სადაც მივდიოდით საქეიფოდ, ალისუბანში რომ ავედით ‘’შოფერმა’’ მოგვთხოვა ფული, რადგან ჩვენ არ გვქონდა სამგზავრო ფული, დაგვიწყო ჩხუბი. ამის მერე გადმოვედით, ვცემეთ, გამოვართევით მანქანა და წამოვედით გზის შესამოკლებლად, მანქანა ორი კილომეტრის მერე მივატოვეთ’’ - ყვება ბრალდებული...

საქმეს  სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებითა აღძრული. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.