იტალიური მედია ქართველი გოგონას და მოკლული ქალბატონის სურათებს აქვეყნებს

  16:00:27     08-01-2013

90 წლის მოხუცის მკვლელობისთვის დაკავებული ქართველი გოგონას ბებია, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, აცხადებს, რომ მის შვილიშვილს ფსიქიკური პრობლემები არ აღენიშნებოდა. 

„ძალიან ხშირად ვესაუბრებოდით, ბოლო დროს ძალიან ბევრს სვამდა და ეწეოდა. ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნება უნდოდა, რადგან მოხუცის მოვლას ვერ შეეგუა. ადრე თვითმკვლელობაც სცადა, ხიდიდან გადახტა. ის, რომ მოხუცის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, დღეს დილით ტელევიზიით გავიგეთ“,- აღნიშნა დაკავებულის ბებიამ. 

როგორც თათარაშვილის დაკითხვიდან გამოსულმა პროკურორმა განაცხადა, დაკავებული გამოძიების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა, თუმცა ბოლოს აღიარებითი ჩვენება დაცვის მხარის თანდასწრებით მისცა.  იგი ფლორენციის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკითხვისას ნათია თათარაშვილმა თქვა, რომ მასში ორი ადამიანი ბუდობს - კარგი და ცუდი.

შეგახსენებთ, რომ  24 წლის ქართველ გოგონას - ნათია თათარაშვილს ბრალად მკვლელობა ედება.

იტალიური მედიის ცნობით, ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც მოკლულის მომვლელად მუშაობდა, ქალბატონი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით  მოკლა. ქალბატონს ყელის მიდამოში მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა. 

მკვლელობა იტალიაში, ტოსკანის რეგიონში მოხდა. მკვლელობის შემდეგ, ეჭვმიტანილმა ძარცვის  იმიტაციის მოწყობა სცადა. ადგილობრივი მედია ნათია თათარაშვილის დაკავებისა და გარდაცვლილის სურათებს ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით,  24 წლის ნათია იტალიაში ბოლო 5 წელია იმყოფება.