ოცნების აქტივისტებს ლანჩხუთისა და აბაშის მუნიციპალიტეტის შენობა პიკეტირებული აქვთ

  13:22:37     08-01-2013

„ქართული ოცნება“ რეგიონების მუნიციპალიტეტების შენობების პიკეტირების სერიას განაგრძობს.

როგორც „პრესა.ჯი“-ს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეთერ ჭყონიამ განუცხადა, ადმინისტრაციულ შენობაში საჯარო მოხელეები ამ დრომდე ვერ შედიან.

პრესსამსახურის ცნობით, შენობის შესასვლელთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა აქცია იმართება.

„ადმინისტრაციული შენობა დილიდანვე პიკეტირებულია. ვერ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. დღეს  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესარჩევი საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა შეკრებილიყო თუმცა, მათ შენობაში აქციის მონაწილეები არ უშვებენ“,- აცხადებს ჭყონია.

მისი თქმით აქციაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნაც გაისმა. შენობის წინ შეკრებილები გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ კახა საკურავას უნდობლობას უცახდებენ და მისი გადადგომას სკანდირებენ.

„ქართული ოცნების“ მიერ წახალისებული მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთანაც.

ოცნების მაისურებში გამოწყობილი ადგილობრივები მუნიციპალიტეტში აბაშის ახლადარჩეულ გამგებელს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ისინი გოჩა ჭანტურიას დანიშვნას აპროტესტებენ და გამგებლად "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი რუხაძის დანიშვნას მოითხოვენ.

მომიტინგეები აცხადებენ, რომ ჭანტურია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია და კონკურსშიც ამიტომ გაიმარჯვა.

საგულისხმოა, რომ კოალიცია ყველა არასასურველ კანდიდატს, რომლებიც გამგებლის თანამდებობაზე კონკურსის შედეგად ინიშნება მანიფესტაციას უწყობს.

რამდენიმე დღის წინ მარტვილში სიტუაცია უკიდურესად დაძაბული იყო. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის დროს  მამუკა დანელიასა და ზაალ გოროზიას მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა, თუმცა კონფლიქტის ესკალაციისთვის პოლიციამ ზომები არ მიიღო.