34 წლის მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე მთელი ოჯახი ამოხოცა

  12:28:28     08-01-2013

მარნეულში მოკლული ცოლ-ქმრის, რამიზ და ჯავახიზ დოვრუშოვების მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ალგეთის მცხოვრები, რამიკ ა. დოვრუშოვების ოჯახის გადარჩენილი წევრის მოსაკლავად, „ვალტერის" პისტოლეტითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული, მარნეულის საავადმყოფოში მიდიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფ. ალგეთის მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული რამიკ ა. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო  ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

რამიკ  ა-მ დანაშაული აღიარა და განმარტა, რომ მკვლელობა შურისძიების მიზნით, ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა.

ნაწყვეტი რამიკ ა-ს აღიარებითი ჩვენებიდან: ‘’1-ელ იანვარს დოვრუშოვების მთელი ოჯახი ამოვხოცე. 3 თვის წინ დაფარული ნომრით დაურეკეს ჩემს ცოლს.  მე ეს ნომერი გავახსნევინე. მივედი მის ოჯახში და ვუთხარი ეს აღარ გააკეთო მეთქი. მან მეორედ ეს მაინც გააკეთა, გააკეთა მესამედაც. ჩავედი თბილისში, ვიყიდე იარაღი, დავბრუნდი და პირველად მოვკალი ბიჭის მამა, მერე დედა და ხელყუმბარა დავუგდე ამ ბიჭს, რომელიც არ მოკვდა. შემდეგ იარაღით მივდიოდი საავადმყოფოში და მინდოდა დაჭრილი ბიჭის მოკვლა, რა დროსაც დამაკავა პოლიციამ.’’

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 1-ელ იანვარს, რამიკ ა. დოვრუშოვების ოჯახს დაესხა თავს, მან 1965 წელს დაბადებული რამიზ დოვრუშოვი და მისი მეუღლე, 1966 წელს დაბადებული ჯავა ალიევა, ცეცხლსასროლი არაღით მოკლა. მათ ვაჟს კი - ვალი დოვრუშოვს, რომელიც საქონლის სადგომში იმყოფებოდა, ხელყუმბარა შეუგდო. 1989 წელს დაბადებული ვალი დოვრუშოვი ამ დრომდე მარნეულის „ჯეოჰოსპიტალის" რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავაც მძიმეა.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ  გარემოებაში)  მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით აღიძრა, რაც 16-დან 20-წლამდე პატიმრობას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.