
პოლიტიკური წმენდა ხობში - გათავისუფლებულია 22 რწმუნებული
11:33:58     08-01-2013
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნება“ თვითმმართველობებზე ზეწოლას განაგრძობს. ამჯერად ახლი ხელსუფლების მოთხოვნით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცხრავე სამსახურის უფროსმა და 22 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
თუმცა, როგორც „პრესა.ჯი“-ს ხობიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ყველა თანამშრომელს განცხადების დაწერა აიძულეს.
საქმეში ჩახედული წყარო ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რწმუნებულები ერთიმეორეს მიყოლებით შეიყვანეს გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაიასთან, რომელმაც თვითმართველობის წევრებს მოსთხოვა წასვლის შესახებ განცხადება დაეწერათ.
გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ ერთადერთი მიზეზი, ყოფილი ხელისუფლების დროს სოფლის რწმუნებულად მუშაობა იყო.
ხობის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ყოფილი უფროსი ანატოლი სიჭინავა აცხადებს, რომ სამსახურიდან წასვლა მისი სურვილით არ მომხდარა.
„ახალ ხელისუფლებას არ აინტერესებს პროფესიონალი და გამოცდილი კადრები, მათთვის მთავარია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო“, -აცხადებს ანატოლი სიჭინავა.
‘’პრესა.ჯი’’ ხობის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაიასთან დაკავშირებას დილიდან ცდილობს, თუმცა როგორც ჩანს, ახლადარჩეული ჩოკორაია სამსახურში არ გახლავთ. გამგებლის მოადგილის ზარებს მისი მოადგილე ბადრი ჯობავა პასუხობს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა გათავისუფლებას კატეგორიულად უარყოფს.
„ზეწოლა და შანტაჟი მაშინ იყო, თუ იყო, თორემ ახლა სხვა დროა. ამ ადამიანებმა განცხადებები თვითონ დაწერეს, მათ ჩვენთან თანამშრომლობა არ ისურვეს“,- განაცხადა ჯობავამ.