ბიწაძე პოლიტ-დევნილის სტატუსით ბრუნდება...

  14:52:12     07-01-2013

პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ორგანიზებაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით,  ჩადენილ დანაშაულში, ჯგუფურად ძალადობითა და ძალადობის მუქარით, მსჯავრდებული ბადრი ბიწაძე საქართველოში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ბრუნდება.

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც 2008 წლის ომის დროს საქართველოს საზღვრის გადამკვეთთა სიების გამოქვეყნებით იყო დაკავებული, შემდეგ კი, როგორც შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ჩანდა, რუსთაველზე სისხლისღვრასა და ქართულ ჯართან გრუს შეტაკებას გეგმავდა, საქართველოში ამნისტიის შესახებ კანონის ამოქმედებისთანავე დაბრუნდება, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა.

ბადრი ბიწაძემ საქართველო 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ დატოვა. ცოლ-ქმარმა, რომელიც მომიტინგეებს უმტკიცებდა აქცია სანქცირებულია და დარბევის უფლება არ აქვთ, თუ არადა ძალა მორევაზეაო, სპეც დანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე საკუთარი ჯიპებისკენ მოჰკურცხლა და რუთაველის მოედნიდან ისე გაიქცა, არც მომიტინგეები გახსენებია და არც რამდენიმე წუთის წინ გაცემული დაპირებები... მეტიც, მათმა ესკორტმა რამდენიმე ადამიანს გადაურა, იმსხვერპლა პოლიციის თანამშრომლის - ვლადიმერ მასურაშვილის სიცოცხლე.

საქმის მასალების მიხედვით: '2011 წლის 25 მაისს, შაქრია ზურაშვილი, რომელიც იყო ბადრი ბიწაძის ოჯახის მძღოლი, მონაწილეობას ღებულობდა ქ.თბილისში, პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,სახალხო კრების’’ მიერ ორგანიზებულ აქციაში, რომელიც ადგილობრივი მართველობის ორგანოების მიერ სანქცირებული იყო 2011 წლის 25 მაისის 24:00 საათამდე. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც იმყოფებოდნენ პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და მონაწილეობას ღებულობდნენ არასანქცირებულ აქციაში. მათი მიმართულებით წასული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების დანახვაზე აქციის მონაწილეების ნაწილმა, მათ შორის შაქრია ზურაშვილმა, მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია, რის გამოც სწრაფად ჩასხდნენ ავტომანქანებში. შაქრია ზურაშვილი, სხვა პირებთან ერთად, ჩაჯდა იქვე მახლობლად გაჩერებულ მისი მართვის ქვეშ მყოფ შავი ფერის ,,ტოიოტა-პრადოს’’ მარკის ავტომანქანაში და მეტროსადგურ ,,თავისუფლების’’ მოედნის მიმართულებით გაემართა. აღნიშნულ პერიმეტრს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ. მათ ხელის მოძრაობით ანიშნეს ზემოაღნიშნული ავტომანქანის მფლობელს შეეწყვიტა მოძრაობა და მათ კანონიერ მოთხოვნას დამორჩილებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შაქრია ზურაშვილმა ნათლად დაინახა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მოთხოვნა, მან არ შეწყვიტა სვლა, პირიქით სწრაფი სვლით გაემართა პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით, რომლებიც შეეცადნენ დერეფნის გაკეთებას, რათა კანონდარღვევით მოძრავ მანქანებს შესაძლებლობა მისცემოდათ უსაფრთხოდ გაევლოთ ტერიტორია. მიუხედავად აღნიშნული მცდელობისა, ავტომანქანების კოლონიდან ერთ-ერთი ავტომანქანა შეეხო და წააქცია პოლიციის კორდონში მყოფი საქართველოს შსს კონსტიტუციური დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ნინოშვილი, რომელიც აღნიშნული ავტომანქანის მარჯვენა მხარეს გადავარდა. ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით CBG-777, რომელსაც მართავდა მძღოლი შაქრია ზურაშვილი წავიდა მისი მიმართულებით. ლ. ნინოშვილმა შეძლო ფეხზე წამოდგომა და მას ხელით სვლის შეჩერება ანიშნა, შაქრია ზურიაშვილმა არ მისცა ლევან ნინოშვილს შესაძლებლობა უსაფრთხო ადგილას გადაადგილებულიყო. მან ავტომანქანის მართვის სიჩქარეს მოუმატა და მარცხენა საბურავით სამართალდამცავს სხეულზე გადაურა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, შაქრია ზურაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ლევან ნინოშვილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში

აღნიშნული შემთხვევის შედეგად ლევან ნინოშვილმა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. 

ცხადია ბიწაძის მძღოლი იმ დროისთვის მისი დამქირავებლის მითითებას ასრულებდა, რომლისთვისაც გაქცევა ის მიზანი იყო, რომელიც ნებისმიერ საშუალებას ამართლებდა...

თავად ბადრი ბიწაძის საქმის მასალებში ვკითხულობთ: ‘’ბადრი ბიწაძე, რომლის ინიციატივითაც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი მოძრაობა - "სახალხო კრებასთან" შექმნილი ნახევრად გასამხედროებული დაჯგუფება "შეფიცულები",  2011 წლის მაისის თვეში შეხვდა გია უჩავას და დაავალა "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სანდო და ფიზიკურად ძლიერი  "შეფიცულები"-ს მეშვეობით, ხელკეტებით, ასევე იარაღად სხვა საგნების გამოყენებით მოეწყო პოლიციის მუშაკებზე თავდასხმა, რაც უნდა გადაზრდილიყო მასშტაბურ ფიზიკურ დაპირისპირებაში.’’