როგორ აშანტაჟებს შსს და პროკურატურა პოლიციის ყოფილ ვიცე-პოლკოვნიკს

  12:55:04     05-01-2013

პოლიციის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ონიანი აცახდებს, რომ პროკურატურაში მის წინააღმდეგ მუშაობენ. როგორც „პრესა.ჯი“-სთან საუბარში შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, 3 იანვარს დაახლოებით 23:00 საათზე მის პირად ნომერზე ზარი განხორციელდა ნომრიდან (577 28 85 02), როგორც მოგვიანებით ონიანმა გაარკვია ეს ნომერი საქართველოს პროკურატურის თანამშრომელს ეკუთვნის.

გიორგი ონიანი: დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული ნომერი პროკურატურას ეკუთვნის, თუმცა კონკრეტულად რომელ თანამშრომელზეა რეგისტრირებული ჩემთვის უცნობია. ტექსტი იყო შემდეგი: გურამ ცხადაძე როგორ ხარ?  ონინზე რომ გაქვს განცხადება ხომ იცი მანდ რაც უნდა გავაკეთოთ? საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ამის შემდეგ ტელეფონი ითიშება. რაც შეეხება ზარის ავტორის მიერ ნახსენებ ცხადაძეს, მას მე ვიცნობ. ის ნასამართლევია, მათ შორის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის, ჰქონდა პირობითი სასჯელი. როცა  შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი გვთავაზობდა თანამშრომლობას, ამბობდა, რომ კონკრეტულ ადამიანებზე ინფორმაციას ფლობდა. ამან რომ არ გაჭრა სხვა მეთოდზე გადავიდა, ნებისმიერი ადამიანისთვის შეეძლო სიცრიუს დაბრალება. ანუ ყველაფედრს აკეთებდა, რომ პირობითი მსჯავრი მოხსნოდა.

- თუ გადაამოწმეთ ამ ნომრის მფლობელის ვინაობა?

- სანამ მაგაზე გიპასუხებთ მინდა ვთქვა, ვიცნობ ცხადაძის ტიპაჟს!!! იცით როგორ გამოვიდა? თითქოს ნომერი შეეშალათ, თითქოს ამ გურამ ცხადაძისთვის უნდა დაერეკათ განცხადებაზე, რომელიც ონიანზე ჰქონდა დაწერილი. დაურეკეს ონიანს და რატომღაც მე მესაუბრნენ ჩემს წინააღმდეგ დაწერილ განცხადებაზე. სამწუხაროდ, საუბარი ვერ ჩავიწერე, მაგრამ მეორე დილით დაუკავშირდი აღნიშნულ ნომერს, ჩავრთე ჩამწერი, აღმოჩნდა, რომ ვესაუბრებოდი ქალაქ თბილისის პროკურატურის გამომძიებელს. ვუთხარი, რომ ამ ნომრიდან გუშინ მსგავსი სახის ზარი განხორციელდა. გამომძიებელმა განაცხადა, რომ ის სამსახურში ღამის 11 საათზე იმყოფებოდა, თუმცა მას პირადად არ დაურეკავს. მითხრა რომ გამორიცხული არ იყო მის თანაშრომელს დაერეკა. თუმცა ეჭვებს ისიც მიმყარებს, რომ ამ პირმა იმის ნაცვლად რომ ზარის გარკვევა შემოეთავაზებინა, მკითხა ვიყავი თუ არა გურამ ცხადაძე.

- გამორიცხავთ, რომ ზარი მართლაც შეცდომით განხორციელდა?

- 8 წელი ვიმუშავე პოლიციაში, პროკურატურასთან ძალიან ახლო შეხება მქონდა, არასდროს შეგვშლია დაზარალებულის ნაცვლად, სავარაუდო ბრალდებულისთვის არ დაგვირეკავს, არ გვითქვამს მის მიმართ რა საჩივარი არსებობს და რა ღონისძიების გატარებას ვაპირებთ. ამ ეტაპზე მე მაინტერესებს პროკურატურის პასუხი ამ ქმედებაზე. ძალიან ხშირად გამოდის ქალბატონი წულუკიანი და ბატონი კბილაშვილი და ხალხს ანგარიშს აბარებს. გაერკვნენ აღნიშნულ საქმეში და საზოგადოებას განუცხადონ, ეს იყო შეცდომა, რომელიც დაუშვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსმა გამომძიებელმა, რომელმაც სავარაუდო ბრალდებულს გააგებინა მის მიმართ რა ღონისძიება იგეგმება, თუ იყო ზეწოლა.

- მიმართეთ თუ არა ამ ზარის შემდეგ პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით?

- მე ვაკრეთებ საჯარო განცხადებას, ამას გაიგებს პროკურატურის ყველა მაღალჩინოსანი. ახლა მათი პასუხისმგებლობაა გაარკვიან რეალურად რა მოხდა. დარწმუნებული ვარ, ახლაც ჩართულია ჩემი ტელეფონი და გვისმენენ. კი ბატონო მოისმინონ რაც ვილაპარაკე. პროკურატურას შეუძლია დეტალური ინფორმაცია ამოიღოს 3 იანვარს განხორციელებულ ზარზე.

- ბატონო გიორგი, რამდენიმე დღის წინ თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის ნიშნად დატოვეთ, მაშინ აცხადებდით, რომ შსს - ს მაღალჩინოსნები პატაკის დაწერას გაიძულებდნენ...

- გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში ჩემთან მოვიდა ახალი ხელმძღვანელი, რომელიც 1986 წლიდან, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში მუშაბდა.

რევოლუციის შემდეგ ეს ადამიანი სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნა. როგორც ჩანს ეს ადამიანი თანამდებობაზე აღადგინეს და ახლა ეს პიროვნება მიბარებს და პირდაპირ მეუბნება, რომ განცხადება უნდა დავწერო, რომ მე აღარ მინდა შსს-ს ორგანოებში მუშაობის გაგრძელება. ეს შემოთავაზება იმდენად შეურაცხმყოფელი იყო,  ვუთხარი, რომ მათ შეეძლოთ გავეგდე სამსახურიდან, მაგრამ არ დავწერდი მსგავსი სახის განცხადებას. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავასაჯაროე მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეს მოიკვლევდა, თუმცა ამ საქმისთვის არავის გადაუხედავს.  ლევან იზორიასაც ვესაუბრე, რომელმაც ჩემი საქმე პირად კონტროლზე აიყვანა, თუმცა არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მითხრეს, ხომ იცი გიორგი რა და როგორ ხდებაო. მაშინ მე ვუთხარი, რომ ჩემს მიერ განცხადების გაკეთების შემდეგ, იმ ვინმე გიას მიერ შემოთავაზებული პატაკის დაწერა-არ დაწერას მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა, ვუთხარი, რომ დავუწერდი ისეთ პატაკს, როგორიც სურდათ. ამით დასრულდა ჩვენ შორის საუბარი.’’

საუბრის ბოლოს გიორგი ონიანმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწვდის იმ სატელეფონო ჩანაწერს, რომელიც მან პროკურატურის თანამშრომელთან 4 იანვარს განახორციელა.