პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში მის ადგილს დავით უსუფაშვილი დაიკავებს

  18:19:33     04-01-2013

მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. „ერთსულოვნების“ წარმომადგენლებმა ავლაბრის რეზიდენციაში 8 პუნქტიანი ულტიმატუმი დატოვეს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

ულტიმატუმში აღნიშნულია, რომ თუ პრეზიდენტი ულტიმატუმის იგნორირებას მოახდენს და 2013 წლის 20 იანვარს, მისი არჩევიდან 5 წლის ვადის გასვლისთანავე არ გადადგება, მაშინ, აქციის ორგანიზატორების თქმით, ისეთ მდგომარეობას შექმნიან, რომ ის ვეღარ მოახერხებს ხელისუფლების ძალადობით მიტაცებას.

‘’პრესა.ჯი’’ დაინტერესდა რას ითვალისწინებს მსგავს სიტუაციაში კონსტიტუცია და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ჟვანიას ესაუბრა.

-  ეწურება თუ არა მიხეილ სააკაშვილს ხვალ პრეზიდენტობის 5 წლიანი ვადა?

- საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი 5 წლით აირჩევა. თუმცა, არის შემდეგი მუხლიც, რომელიც განმარტებას გვაძლევს, რომ საქართველოში მორიგი არჩევნები ოქტომბრის თვეში უნდა ჩატარდეს. თუ წინა არჩევნებიდან 5 წელს გადავთვლით, გამოდის, რომ სააკაშვილს პრეზიდენტობის ვადა იანვარში ეწურება, თუმცა კონსტიტუციაშივე ვკითხულობთ, რომ იანვარში საპრეზიდენტო არჩევნები უბრალოდ ვერ ჩატარდება, რადგან არჩევნების თარიღად ოქტომბერია მითითებული. ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ავტომატურად უნდა გაუგრძელდეს ვადა. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს უფლება აქვს გამოიყენოს მისი უფლება-მოვალეობები. ახლახანს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მოგიყვანთ მაგალითს: კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები მაისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, ჩატარდა 1-ელ ოქტომბერს. გამოდის, რომ 4 წლის შემდეგ, მოქმედი პარლამენტი გახანგრძლიუვებული დროით აირჩიეს.

- თუ პრეზიდენტი გადადგა კონსტიტუციით ვინ უნდა შეასრულოს მისი მოვალეობა?

- ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებს. ის ორი თვის განმავლობაში ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რაც აკისრია პრეზიდენტს. არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის ინაუგურაცია კი საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე კვირადღეს ტარდება.

- კონსტიტუციაში ივანიშვილის მიერ ინიცირებული ცვლილებების მიღების შემდეგ, პრეზიდენტმა მთავრობა რომ დაითხოვოს და ახალი დანიშნოს, საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ რომელი მთავრობა იქნება ლეგიტიმური?

- მინდა ხაზი გავუსვა, რომ როცა  საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება ამ დროს პარლამენტს ექნება საერთო სახალხო განმხილველი კომისია, რომელიც ვალდებულია მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში აწარმოოს ეს განხილვები. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის საკითხს, კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტის არჩევნებიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში პრეზიდენტს არ აქვს უფლება პარლამენტი დაითხოვოს. რაც შეხება მთავრობას, ამის გაკეთების უფლებას კონსტიტუცია მას აძლევს. თუმცა, ეს გადაყენებული მთავრობა მაინც ასრულებს თავის მოვალეობას, ოღონდ როგორც მოვალეობის შემსრულებელი. თუ პარლამენტმა ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მთავრობა, პრეზიდენტს შესაძლებლობა უჩნდება დაითხოვის პარლამენტი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ დღეის მდგომარეობით კონსტიტუციური ნორმით პრეზიდენტი შეზღუდულია. მას აპრილამდე პარლამენტის დათხოვნის საშუალება არ მიეცემა მაშინაც მას სერიოზული მიზეზი უნდა გააჩნდეს.

რაც შეეხება თქვენს კითხვას ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ეს საკითხი ასე არ დადგება. იმიტომ, რომ თუ პარლამენტმა ახალ მთავრობას მხარი არ დაუჭირა, გამოდის რომ ახალი მთავრობა არ გვყავს. ძველი შეასრულებს უფლება-მოსილებას ახლის არჩევამდე.

პრემიერის შემოთავაზება იყო ის, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს მთავრობის გადაყენების უფლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობის საფუძველზე, გამოდის, რომ აქ პრეზიდენტის უფლებები იზღუდება. დღეის მდგომარეობით პრეზიდენტს ერთპიროვნულად შეუძლია მთვარობის გადაყენება.