ისრაელის პასუხი საქართველოს - მომლოცველები ისრაელში ვეღარ ჩავლენ

  18:06:41     03-01-2013

საქართველოდან ისრაელში მომლოცველები საშობაოდ ვერ მოხვდებიან. როგორც „პრესა.ჯი“-ს აქართველოს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ნანა ბუაძემ განუცხადა, 10 წელია საქართველოს მოქალაქეები ისრაელში მოსალოცად უპრობლემოდ მიდიან, თუმცა, წელს, პირველად, მათ 46 კაციან სიაზე უარი მიიღეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომლოცველთა 46-კაციანი სია გადავგზავნეთ, თუმცა ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. ამის რეალური მიზეზი უცნობია. წმინდა მიწაზე სიწმინდეების მოლოცვის ტრადიცია ბოლო 10 წელია არსებობს მსგავსი პრობლემა არასდროს შეგვქმნია“,- ამბობს საპატრიარქოს წარმომადგენელი.

ბუაძის ინფორმაციით, ისრაელისგან უარი იმ  ტურისტულმა კომპანიებმაც მიიღეს, რომლებიც პილიგრიმთა გადაყვანაზე ზრუნავდნენ.

ისრაელის ეს ჟესტი შესაძლოა, საქართველოსთვის ერთგვარ პასუხადაც ჩაითვალოს, პალესტინისათვის დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის გამო.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა საქართველოში ვიზიტი გადადო. როგორც, ისრაელის საგარეო უწყების ინფორმირებული წყარო ადგილობრივ მედიასთან საუბარში აცხადებდა, ვიზიტის გადადება გაეროში განვითარებულ მოვლენებთან, საქართველოს მხრიდან პალესტინისათვის დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების მხარდაჭერას უკავშირდება.

‘’ვესტნიკ კავკაზას“ სპეციალური კორესპონდენტის ცნობით, ისრაელის საგარეო უწყებაში არ მალავენ საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გამო იმედგაცრუებას და იმასაც კი ამბობენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ დიპლომატიურ ნაბიჯებზე ფიქრობდენ. ადგილობრივი პრესა აქტიურად საუბრობდა ისრაელის საპასუხო ნაბიჯებზე, რომელიც ცხადი და გამოკვეთილი იანვრიდან გახდებოდა.