ვინ ატყუებს ღარიბაშვილს?

  12:51:44     03-01-2013

პოლიტიკური უფსკრული ახალ და ძველ მთავრობას შორის იმდენად გაღრმავდა, რომ ‘’მეოცნებეები’’ მზად არიან ნებისმიერი მეთოდით ჩამოაცილონ თანამდებობებს ის პირები, რომლებიც ‘’ნაციონალურ მოძრაობასთან’’ ასოცირდებიან.

გუშინ, შს სამინისტრომ, პოლიციელის სიკვდილში უაპელაციოდ დაადანაშაულა თბილისის მერია.

შს სამინისტრო რომელიც, თვით ისეთი დამნაშავეების მიმართაც, როგორებიც არიან მკვლელები,  ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციითა და ჩადენა-დაკავების თარიღით შემოიფარგლება, გუშინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც იმ მძღოლის დანაშაულში, რომელმაც პატრულ-ინსპექტორის სიცოცხლე შეიწირა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მერიას დასდო ბრალი. განცხადებაში ვკითხულობთ: ‘’აღსანიშნავია,  ის ფაქტი, რომ გიორგი თექთუმანიშვილს  ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც თავად იმავე ადგილას, სხვა ავტოავარიის შემთხვევის ოქმს აფორმებდა.

როგორც გაირკვა, შეშელიძის ქუჩაზე  ორივე ავტოავარია სავალი ნაწილის მოყინვამ გამოიწვია.  

გამოძიებით ირკვევა, რომ  გიორგი თექთუმანიშვილმა მის მეწყვილესთან ერთად, და ასევე, ამ რაიონში მოძრავმა სხვა საპატრულო ეკიპაჟებმა, მოყინული გზის შესახებ, შესაბამისი რეაგირების მოხდენის მოთხოვნით,  მერიის ცხელ ხაზს 6- ჯერ აცნობეს, თუმცა მერიის შესაბამის  სამსახურს არცერთ შეტყობინებაზე რეაგირება არ მოუხდენია.  

შეშელიძის ქუჩის ამ მონაკვეთზე,  ღამით, მხოლოდ  2 საათის განმავლობაში ავტოავარიის 3 შემთხვევა დაფიქსირდა.’’ განცხადების ბოლოს ღარიბაშვილის უწყება დასძენს, რომ ძიება გრძელდება.

შს სამინისტროს ბრალდებას თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი  თორნიკე შიოლაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება ოპერატიულად ხდება.

"ჩვენ მომენტალურად მოვახდინეთ ექვსივე ზარზე რეაგირება. შეშელიძის ქუჩის ხიდებთან მარილს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ვყრიდით. მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარიდან წყალი გადმოდის. ჩვენ მარილს კი ვყრიდით, მაგრამ წყალი მას რეცხავდა, იყინებოდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ვყრიდით მარილს. ასეთი პროცედურები მთელი ქალაქის მასშტაბით ორმოცდაათამდე ადგილზე ხდებოდა. ასე, რომ პოლიციის ბრალდება უსაფუძვლოა. მე თავად მაქვს ეს საკითხი პირად კონტროლზე აყვანილი",- განაცხადა თორნიკე შიოლაშვილმა.

შესაძლოა აღნიშნულ განცხადებას პირადად ირაკლი ღარიბაშვილის კონტროლი არც გაუვლია და იგი რიგითი თანამშრომლების მიერ მომზადდა და გამოქვეყნდა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მინისტრს თავისი ქვეშემრდომები სულ მცირე რეპუტაციას ულახავენ, ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ დამტკიცდება, რომ არა მერია, არამედ ღარიბაშვილის უწყება ცრუობს, გამოდის რომ ღარიბაშვილი უბრალოდ მოატყუეს.