სუბარის რეაგირება პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე

  12:18:02     29-12-2012

24 დეკემბერს, რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის, თემურ კორტავას თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ციხის თანამშრომელი  სამსახურიდან გაათავისუფლეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, N6 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი, რომელსაც უშუალოდ ფუნქციონალურად ევალებოდა განეხორციელებინა კონტროლი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამავე დაწესებულების  დირექტორის მოადგილეს, უსაფრთხოების განყოფილების უფროსსა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს გამოეცხადათ სასტიკი საყვედურები, დაწესებულების დირექტორს გამოეცხადა შენიშვნა.

გენერალური ინსპექციის დასკვნა მასალებითურთ შემდგომი მსჯელობის მიზნით გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას.

ჯერჯერობით უცნობია სუბარის მკაცრი საყვედურით თუ დაკმაყოფილდება გარდაცვლილი პატიმრის დედა ეთერ აბაშია, რომელსაც შვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

აბაშია  მომხდარის სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს. გარდაცვლლის დედა აცხადებს, რომ კორტავა მოკლულია. მისი თქმით, პატიმარს რუსთავის ციხეში ფიზიკურად ხშირად უსწორდებოდნენ. გამომდინარე აქედან, ოჯახი ეჭვობს, რომ კორტავას დაკითხვა ვიღაცებს არ აწყობდათ, რადგან ცემის ფაქტი გამჟღავნდებოდა და ამის გამო მოკლეს.

"ჩემი შვილი ჩამოიშორეს, სინამდვილეში თემურ კორტავას თავი არ ჩამოუხრჩვია", - აცხადებს ეთერ აბაშია. დედის ვარაუდს ის გარემოებაც ამყარებს, რომ  კორტავა ციხიდან უახლოეს პერიოდში უნდა გამოსულიყო.

პატიმრის უცნაურ ვითარებაში გარდაცვალება ბევრ კითხვას ბადებს. რატომ ვერ დაიცვა სუბარის უწყებამ პატიმრის სიცოცხლე, მაშინ, როცა ის დასაკვირვებელ ოთახში ჩართული კამერების წინ სრულიად მარტო იყო  მოთავსებული, ან საიდან მოხვდა 6 კორტავას ხელში თოკი, რომლითაც მან თავი მოიკლა? ეს ის კითხვებია, რომელზეც სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხები არ აქვს. იმედია პროკურატურა ბურუსით მოცულ საქმეს ნათელს მოჰფენს.