
უსუფაშვილმა ივანიშვილის ფობიები გაშიფრა, რისი ეშინია პრემიერს?
13:36:44     28-12-2012
ბიძინა ივანიშვილი უკან იხევს. მას იმდენად ეშინია, პრეზიდენტმა მთავრობა არ დაითხოვოს, რომ თანახმაა საპარლამენტო უმრავლესობა გაწიროს. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა პრემიერის გუშინდელი განცხადება, სადაც მან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ახალი ინიციატივა - პარლამენტის იმაზე ადრე დათხოვნა შესთავაზა, ვიდრე ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.
ივანიშვილის ამ ინიციატივის სიღრმეები დღეს სრულად გაშიფრა პარლამენტის თავმჯდომარემ, როცა დააკონკრეტა, რომ ცვლილებათა პაკეტში, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს, პრეზიდენტს უფლება ექნება სამ თვეში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ოღონდ მთავრობა დარჩება იგივე და პრეზიდენტი ვერ შეძლებს მის შეცვლას. არადა, აქამდე პირიქით იყო, პრეზიდენტს უფლება არ ჰქონდა 6 თვეზე ადრე დაეთხოვა პარლამენტი, სამაგიეროდ შეეძლო დაეთხოვა მთავრობა...
პრემიერის მიერ გუშინ გახმოვანებული ინიციატივა დღეს ჟურნალისტებს დეტალურად გაუშიფრა პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე. როგორც მან აღნიშნა, ახალი მთავრობა მზად არის პრეზიდენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, მეტიც, ივანიშვილის „ოცნება“ პრეზიდენტის დაცვასაც აღარ შეეხება.
პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ‘’ოცნებას’’ მოქმედი კონსტიტუცია აშინებს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შეეცადა ივანიშვილის გუშინ გაკეთებული განცხადება ისე შეეფუთა, თითქოს ქვეყნის პრემიერი მოქმედ პრეზიდენტს შანსს აძლევს.
დავით უსუფაშვილი: კოალიცია „ქართული ოცნება“ პოლიტიკური რევანშით არასდროს ყოფილა დაინტერესებული, ჩვენ ვერც იმას დავუშვებდით, რომ დაგვეხუჭა იმაზე თვალი თუ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. ძალიან ბევრი დრო დასჭირდა იმას რომ ძალიან ბევრი რამ აშკარა გამხდარიყო. დღეს რეჟიმი სრულად არის გამომზიურებული და გაშიშვლებული. ამან თავი მოიყარა 2004 წლის იმ საბედისწერო კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებში.
სწორედ იმ ცვლილებებმა ააცდინა გზას ‘’ნაციონალური მოძრაობა’’. ეს იყო ნაღმი, რომლის გამოყენების უფლებას პრეზიდენტს კონსტიტუცია აძლევდა. პრეზიდენტს ჰქონდა უფლება ნებისმიერ დროს, უაპელაციოდ, უმიზეზოდ დაითხოვოს მოქმედი მთავრობა და შემდგომ, თუ პარლამენტმა მის მიერ შემოთავაზებული მთავრობა სამჯერ არ დაამტკიცა, მან თავად დანიშნოს მისი მთავრობა და მთელი აღმასრულებელი მთავრობა უკან დაიბრუნოს.
ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციურად ეძლევა უფლება, იგნორირება გაუკეთოს მოსახლეობის ნებას, რომელიც ორიოდე თვის წინ იყო გამოხატული და ამ გზით მოახდინოს კონსტიტუციონალური გადატრიალება.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას არ სურს უფსკრულის პირას მისული ხელისუფლება და პრეზიდენტი გადაიჩეხოს. თუ ამ ცდუნებას ვერ გაუძლებდა პრეზიდენტი და ჩათვლიდა, რომ სრული პოლიტიკური კრახისგან თავდაცვისთვის კონსტიტუციური უფლების გამოყენება იქნებოდა, მაშინ ამას საზოგადოებაში ძვრა აუცილებლად მოჰყვებოდა.
პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის შემდეგ თავისი გუნდით ქვეყნის მართვის უფლებას კონსტიტუციის ის მუხლი აძლევდა, რომელიც პირველი ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნას კრძალავს. სინამდვილეში გამოდიოდა პრეზიდენტის ხელშემწყობი მექანიზმი.
პარლამენტს ვერ ვითხოვ, არჩევნებს ვერ ვატარებ, ხალხს ვერაფერს ვეკითხები, ამიტომ მართავს ქვეყანას ის მთავრობა, რომელიც მე გადავწყვიტე. ამ მოდელით ის აპრილ-მაისში გამართავდა რიგგარეშე არჩევნებს, რა თქმა უნდა, ახალი მთავრობის პირობებში“,- განაცხადა უსუფაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს მოქალაქეებს გვარწმუნებს, რომ პრემიერმა სურვილი გამოთქვა, შეაჩეროს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამ არასწორ გზაზე და არ დაუშვას პოლიტიკური კრიზისი. დავით უსუფაშვილი შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალს ხედავს. მმართველ გუნდს ორი მთავარი ინიციატივა აქვს.
„სულ იყო ეს საკითხი, რომ ოქტომბერში დაგეგმილი ცვლილებები ანუ 2010 წელს მიღებული, რომელიც ძალაში ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა, უფრო ადრე ხომ არ აგვემოქმედებინა. გვქონდა კონსულტაციები უმცირესობასთან, თუმცა აქ გამოჩნდა შემდეგი გარემოება, რომ თითქოს ახლადმოსული ხელისუფლება ვერ დაკმაყოფილდებოდა კონსტიტუციური უფლებებით და ჩვენ გვინდოდა ახლავე წაგვერთმია ყველაფერი პრეზიდენტისთვის.
ამ საკითხს ჩვენი ოპონენტები სწორედ ასე წარმოაჩენდნენ ქვეყნის შიგნით და გარეთ. გადავწყვიტეთ, რომ ხელი არ ვახლოთ პრეზიდენტის არცერთ უფლებამოსილებას და მისი ვადის ამოწურვამდე ყველა კომპეტენცია დავუტოვოთ ხელუხლებლად გარდა ერთისა, რომ მან ერთპიროვნულად ვერ შეცვალოს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ნების გარეშე. ამ ნებას ცხადია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი გამოხატავს. სწორედ ამ ერთადერთ უფლებამოსილებას ართმევს პრეზიდენტს ჩვენს მიერ შეთავაზებული კონსტიტუციური ცვლილება“,- დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამის პარალელურად უსუფაშვილისვე განცხადებით, პარლამენტი ამბობს, რომ ის 6 თვიანი შეზღუდვები გაუქმდება. „დათხოვნის 6 თვიანი შეზღუდვებს (პარლამენტის არჩევიდან პირველი 6 თვე და ასევე საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბოლო 6 თვე) ჩვენც ვიხსნით და თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ ქვეყანაში მაინც ხდება რაიმე ისეთი, რომ მან ქვეყანა უნდა იხსნას და მთავრობა შესაცვლელია, ჩვენი პასუხი იქნება - კი ბატონო, ოღონდ ეს უნდა მოხდეს პარლამენტის დათხოვნის გზით, ახალი არჩევნების ჩატარების გზით და არჩევნების შედეგად, რომელიც ტარდება მოქმედი მთავრობის პირობებში და არა პრეზიდენტის მთავრობის პირობებში, ხალხის ნება რაც იქნება იმან განსაზღვროს ქვეყნის მომავალი’’.
საუბრის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ყველა ის ბერკეტი რჩება, რომლითაც ის აქამდე სარგებლობდა.
„მაგალითად იყო მსჯელობა სახელმწიფო დაცვასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზად არის იაროს თავისი ძველი ოპელით. არ სჭირდება დაცვა და ა.შ... სამწუხაროდ, ესეც პიარული ნაბიჯი იყო, რომ გარე სამყაროსა და მოსახლეობაში გამოეწვიათ სენტიმენტები, რომ ახალი პრემიერი პრეზიდენტს ჩაგრავს. ჩვენ ვამბობთ, რომ პრეზიდენტი ისარგებლებს დაცვითაც და ავტომანქანითაც“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოკლედ, კვანძები გახსნილია, მთავრობის დათხოვნით შეშინებული პრემიერი, ცდილობს გამოსავალი იპოვოს, თუნდაც ქვეყნის ეკონომიკის ხარჯზე, რომელსაც კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნები საბოლოოდ დაანგრევს.