ქართველი ჟურნალისტის მკვლელისთვის უკრაინის პროკურატურა სამუდამო პატიმრობას ითხოვს

  13:02:51     28-12-2012

უკრაინელმა პროკურებმა, ქართველი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებული უკრაინის შსს-ს დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ალექსეი პუკაჩისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვეს.
როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა ვლადიმერ შილოვმა განუცხადა, უკვე დაიწყო სასამართლო დებატები და ბრალმდებლებმაც უკვე მოითხოვეს სამუდამო პატიმრობა პუკაჩისათვის. გარდა ამისა, პროკურატურას სურს მას გენერლის წოდებაც ჩამოართვას.
პუკაჩს უშუალოდ ადანაშაულებენ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში. მისი სასამართლო დახურულ რეჟიმში ტარდება იმის გამო, რომ საქმის მასალები სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს. პუკაჩი მკვლელობის მთავარ ორგანიზატორად და შემსრულებლად მოიაზრება და ის, პროკურატურის აზრით, მაშინდელი შს მინისტრის, აწ გარდაცვლილი იური კრავჩენკოს დავალებით მოქმედებდა.
ქართველი ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე უკრაინაში 2000 წელს მოკლეს. 2008 წელს დააკავეს მკვლელობის სამი შემსრულებელი, 2009 წელს კი პუკაჩი. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან აღიარა მკვლელობა. მკვლელობის შემკვეთთა შორის პუკაჩი ქვეყნის მეორე პრეზიდენტს – ლეონიდ კუჩმას ასახელებდა. თავისი ქმედების გასამართლებლად კი აცხადებდა, რომ გიორგი ღონღაძე უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა.