![ქუთაისის მერიასთან გამნაღმველთა ჯგუფი მუშაობს ქუთაისის მერიასთან გამნაღმველთა ჯგუფი მუშაობს](http://presa.ge/img/multimedia/a22730.jpg)
ქუთაისის მერიასთან გამნაღმველთა ჯგუფი მუშაობს
11:18:09     28-12-2012
ქუთაისელები პანიკამ მოიცვა, ამის მიზეზი მერიის შენობასთან მობილიზებული გამნაღმველთა ჯგუფი გახდა.
გავრცელებული ცნობით, გამნაღმველთა ჯგუფის ყურადღების ცენტრში იმერეთის გუბერნატორის, ვახტანგ ბალავაძის ავტომანქანაა.
თუმცა „პრესა.ჯი“-სთან საუბარში შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გამნაღმველები უშუალოდ იმერეთის გუბერნატორის, ვახტანგ ბალავაძის ავტომანქანასთან მუშაობენ.
მისი თქმით, სპეციალისტები გაურკვეველ ყუთს ამოწმებენ.
"ვახტანგ ბალავაძის ავტომანქანა არაფერ შუაშია. მერიასთან იყო ნაპოვნი გაურკვეველი ყუთი და მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველები ამის გამო მუშაობენ", - აცხადებს პრესცენტრის ხელმძღვანელი.
ამ დროისთვის მერიის მიმდენარე ტერიტორია გადაკეტილია. ადგილზე მოქალაქეებს არ უშვებენ.
ინფორმაციის გასარკვევად „პრესა.ჯი“ ვახტანგ ბალავაძესაც დაუკავშირდა. მისი თქმით, საეჭვო ნივთი მისი მანქანის სიახლოვეს იქნა ნაპოვნი.
„უშუალოდ ჩემს მანქანაში არ უპოვიათ ეს ყუთი, უბრალოდ მანქანასთან ძალიან ახლოს იდო. ამ წუთებში მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაოები“,- აცხადებს გუბერნატორი.